საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2017 წლის იანვარ–ივლისში


საგარეო ვაჭრობის ზოგადი მაჩვენებლები 2012-2017 წწ. იანვარ-ივლისში (მლნ. აშშ დოლარი), წყარო: საქსტატი

„საქსტატის“ მიერ 21 აგვისტოს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2017 წლის იანვარი-ივლისის პერიოდში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 13%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 5. 67 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2017 წლის იანვარ-ივლისში ექსპორტის მოცულობა 28.9%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (1.14 მილიარდი აშშ დოლარი რეექსპორტის გამოკლებით, რაც  27.1%-ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით); იმპორტის მოცულობა 8.5%–ით გაიზარდა და 4.22 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2.78 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2017 წლის იანვარ-ივლისში 11%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.54 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, ექსპორტმა ევროკავშირში 339.1 მილიონი აშშ შეადგინა, რაც 33.6%–ით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო იმპორტი ევროკავშირიდან 6%–ით გაიზარდა და 1.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

დსთ–სთან ვაჭრობა 2017 წლის შვიდ თვეში 30.7%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ–ს ქვეყნებში 59.4%–ით გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 570.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი დსთ–ს ქვეყნებიდან 20.7%–ით გაიზარდა და 1.23 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.


ქვეყნების ჯგუფების წილი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში, 2017 წლის იავარი-ივლისი. წყარო: საქსტატი

ევროკავშირის ქვეყნების წილმა საქართველოს საგარეო ვაჭრობაში 27.2% შეადგინა; 23.4% – ექსპორტში და 28.4% – იმპორტში (გასულ წელს ამ მაჩვენებლებმა 27.7%, 22.6% და 29.1% შეადგინა, შესაბამისად).

დსთ-ის ქვეყნების წილმა 31.9% შეადგინა; 39.4% – ექსპორტში და 29.3% – იმპორტში (გასულ წელს 27.5%, 31.9% და 26.3% შესაბამისად).

2017 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, თურქეთი კვლავ რჩება საქართველოს უმსხვილეს პარტნიორად 858.7 მილიონ აშშ დოლარიანი ბრუნვით; შემდეგ მოდიან რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი 605.7 მილიონი, 481.4 მილიონი და 425.9 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად.

საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ უკრაინასთან 271.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; შემდეგ მოდის გერმანია – 265 მილიონი აშშ დოლარი; სომხეთი – 263.8 მილიონი აშშ დოლარი; აშშ – 223.5 მილიონი აშშ დოლარი; ბულგარეთი – 184.8 მილიონი აშშ დოლარი; იტალია – 155.7 მილიონი აშშ დოლარი.

ექსპორტის კუთხით, რუსეთი უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა სიის სათავეშია 214.8 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდიან თურქეთი და ჩინეთი 138 მილიონი და 129 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად. იმპორტის კუთხით, თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი  ლიდერობენ 720.4 მლნ, 390.9 მლნ, 352 მლნ და 319.8 მლნ აშშ დოლარით, შესაბამისად. 

2017 წლის შვიდ თვეში უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი სპილენძის მადნები და კონცენტრატები იყო 243.7 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 16.8%); შემდეგ მოდის ფეროშენადნობები – 182.5 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 12.6%); ავტომობილების რეექსპორტი – 102.3 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 7.1%); ღვინო – 83.7 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 5.8%); სამკურნალო საშუალებები – 78.6 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 5.4%); არადენატურირებული ეთილის სპირტი და სპირტიანი სასმელები – 58.7 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4.1%); მინერალური წყლები – 54 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.7%); აზოტოვანი სასუქები – 41.4 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 2.9%); ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული – 41.3 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 2.9%); თხილი – 31.8 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 2.2%); დანარჩენი საქონელი – 528 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 36.5%). 

2017 წლის იანვარ-ივლისში ნავთობი და ნავთობპროდუქტები საქართველოს საიმპორტო სიის სათავეშია 354.8 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 261.2 მლნ აშშ დოლარი; მედიკამენტები – 196.5 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები – 194.2 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 186.8 მლნ აშშ დოლარი; სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 108.1 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 53.5 მლნ აშშ დოლარი; გამომთვლელი მანქანები – 47 მლნ აშშ დოლარი; სატვირთო ავტომობილები – 40.5 მლნ აშშ დოლარი; მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან -40.4 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 2.74 მილიარდი აშშ დოლარი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version