საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ  პეტრო პოროშენკომ 8 აგვისტოს სატელეფონო საუბარი გამართეს, იტყობინებიან ორი ქვეყნის პრეზიდენტების ადმინისტრაციები.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზის თანახმად, პეტრო პოროშენკომ სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს რუსეთის აგრესიის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით და მხარდაჭერა გამოხატა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 

„დღეს ჩვენი გულები თქვენთანაა“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

მისი ადმინისტრაცია ასევე იტყობინება პრეზიდენტ მარგველაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ქართველი სამხედროები თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ხელმძღვანელობით მონაწილებას მიიღებენ 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ორმა პრეზიდენტმა ერთმანეთს მხარდაჭერა გამოუხატეს, ხოლო პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ  ორი ქვეყნის ერთობლივი ბრძოლა უსამართლობისა და აგრესიის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდება.

ორივე ლიდერმა დაგმო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის 8 აგვისტოს ვიზიტი აფხაზეთში. 

ასევე 8 აგვისტოს, ომის წლისთავთან დაკავშირებით კომენტარი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმაც გააკეთა Twitter-ზე.

„ცხრა წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ეს შერჩა. შემდეგ ის უკრაინას მიუბრუნდა. დროა შეჩერდეს რუსეთის აგრესია და აღდგეს საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტი“, – წერს იგი.

Exit mobile version