საქართველოს და ისრაელის პრემიერ-მინისტრებმა თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს


გიორგი კვირიკაშვილი და ბენიამინ ნეთანიაჰუ, 24 ივლისი, 2017. ფოტო: gov.ge

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 24 ივლისს იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, შეხვდა და განაცხადა, რომ საქართველოს ამ „შესანიშნავ ქვეყანასთან“ ორმხრივი ურთიერთობების გაფართოება სურს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ორმა ლიდერმა რიგი საკითხები განიხილა, მათ შორის ვაჭრობის, ეკონომიკის, ინვესტიციების, ინოვაციების და უსაფრთხოების საკითხები.

შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობები „ძალიან სწრაფად ვითარდება და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება დამატებით ბიძგს აძლევს“ ამ თანამშრომლობას. „საქართველო მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს ორმხრივი ურთიერთობები ისრაელის სახელმწიფოსთან“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში „მნიშვნელოვანი პროგრესია“, მათ შორის სოფლის მეურნეობის, მაღალი ტექნოლოგიების და უსაფრთხოების სფეროებში.

კვირიკაშვილის თქმით, ის საფრთხეები, რომელთა წინაშეც ორი ქვეყანა დგას, „ძალიან გავს ერთმანეთს“  და საქართველო მხარს უჭერს ისრაელის მოსახლეობას „ხანგრძლივი სტაბილურობის მოპოვებისთვის“ ბრძოლაში.

პრემიერ-მინისტრმა ნეთანიუაჰუმ განაცხადა იმავე პრესკონფერენციაზე, რომ ორ ქვეყანას „ბუნებრივი ადამიანური ურთიერთსიმპათია აკავშირებთ – ეს განპირობებულია როგორც ისრაელში მცხოვრებ ქართველთა წვლილით, ასევე საერთო სიმპათიებითა და ერთმანეთის კულტურის ღრმა პატივისცემით“.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას დაცული და პროგრესზე ორიენტირებული მომავალი სურს და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო და ისრაელი გააღრმავებენ თანამშრომლობას უსაფრთხოების, ჯანდაცვის და წყლის მიმართულებით.

ნეთანიაჰუმ ასევე ისაუბრა საქართველო-ისრაელის თანამშრომლობაზე „ისლამური ტერორის დამარცხების“ საქმეში და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა შეშფოთებულია იმით, რომ სირიაში მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა სხვა ქვეყნებზეც იქონიოს უარყოფითი გავლენა.   

თავისი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდება ქნესეთის თავმჯდომარეს იული ედელშტეინს და ისრაელის პრეზიდენტს რუვენ რივლინს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version