Placeholder canvas
ანალიზიევროპა

„უპირველესად ამერიკა“ არ ნიშნავს „ეულ ამერიკას“

პრეზიდენტი ტრამპი ახლახანს დაბრუნდა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ცხრადღიანი მოგზაურობიდან, რომელმაც ცალსახად გვაჩვენა, თუ რას გულისხმობს მისი მიდგომა „უპირველსად ამერიკა!”. ამერიკა ლიდერობას ბრძოლის უკანა ხაზიდან არ აპირებს. ვემსახურებით რა ამერიკელ ხალხს, ჩვენი ადმინისტრაცია ამერიკის წინამძღოლობისადმი ნდობას აღადგენს.

„უპირველესად ამერიკა” არ გულისხმობს ეულ, უმეგობრო ამერიკას. ის გულისხმობს ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების დაცვისა და განვითარებისადმი ერთგულებას და, იმავდროულად, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან თანამშრომლობასა და ურთიერთობების განმტკიცებას. ჩვენი ხალხისა და ჩვენი ცხოვრების წესის დაცვისადმი ჩვენი მზადყოფნა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენი მეგობრების პატივისცემას ამერიკისადმი.

პრეზიდენტი ერთმნიშვნელოვნად აცხადებს, რომ ამერიკის პირველადი ინტერესი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაა. საზღვარგარეთ შეხვედრებისას ბატონმა ტრამპმა მოუწოდა თანამოსაუბრეებს, მხარში ამოუდგნენ აშშ-ს იმ ტერორისტული ორგანიზაციების დასამარცხებლად, რომლებიც მშვიდობიან ერებს მთელს მსოფლიოში ემუქრებიან. მან მოუწოდა 50-მდე მეტწილად მუსულმანურ სახელმწიფოს ერთად დადგნენ „უდანაშაულო მუსლიმების მკვლელობის, ქალთა ჩაგვრის, ებრაელების დევნის და ქრისტიანების ჟლეტის წინააღმდეგ”.

ტერორიზმის წინააღდეგ ბრძოლაში სიმტკიცე მსოფლიოს ყველა უდიდესი რელიგიის ღირებულებებს შეესაბამება. პრეზიდენტის ისტორიული გამოსვლის შემდეგ მუსულმანური სახელმწიფოების ლიდერები ხაზს უსვამდნენ მისი პოზიციის სისწორეს და გამოთქვამდნენ მზადყოფნას, დამდგარიყვნენ ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ, რომლებიც ყველა ცივილიზებულ საზოგადოებას ემუქრება. პრეზიდენტის მოწოდების საპასუხოდ, საუდის არაბეთმა „ექსტრემისტული იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ცენტრი” დააფუძნა, ხოლო ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე სახელმწიფომ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ცენტრის” დაარსების შესახებ, რომლის მიზანიც იქნება ტერორისტებისათვის შემოსავლის წყაროების გადაჭრა.

ამერიკის კეთილდღეობის უზრუნველყოფაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის. საუდის არაბეთში პრეზიდენტმა ტრამპმა 110 მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია უზრუნველყო აშშ-ს თავდაცვის ინდუსტრიაში, რაც განამტკიცებს [ახლო აღმოსავლეთის] რეგიონის, ისევე, როგორც ამერიკის უსაფრთხოებას და შექმნის სამუშაო ადგილებს ამერიკაში. მანვე გამოაცხადა, რომ 270 მილარდ დოლარამდე ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა აშშ კერძო საწარმოებთან ფინასური მომსახურების, ენერგეტიკის, ტექნოლოგიის, მომპოვებელ და სამრეწველო სექტორებში. ეს ძალისხმევა ამერიკაში სამუშაო ადგილების შექმნისა და ინვესტიციების წახალისებისკენაა მიმართული.

ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ჩვენს შეშფოთებას მრავალ ევროპულ სახელმწიფოსთან სავაჭრო დეფიციტის არსებობის გამო. მან აღნიშნა, რომ ვაჭრობასა და კომერციაში თანასწორობაა მნიშვნელოვანი. მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკა სხვებს ისევე მოექცევა, როგორც ისინი ჩვენ გვექცევიან. დიდი შვიდეულის შეხვედრაზე, სიცილიაში, პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ უფრო განამტკიცა ურთიერთობები მსოფლიოს უდიდესი საბაზრო ეკონომიკების ლიდერებთან. შვიდეულის წევრებმა გამოსცეს ერთობლივი კომუნიკე, სადაც გამოთქვეს მზადყოფნა, მტკიცედ დადგნენ „ვაჭრობის ყოველგვარი უსამართლო პრაქტიკის” წინააღმდეგ და უზრუნველყონ თანასწორი ველი ვაჭრობისათვის.

ძლიერი მოკავშირეები და ეკონომიკურად აყვავებული პარტნიორები ამერიკის მესამე სასიცოცხლო ინტერესია. პრეზიდენტმა ბრიუსელში განცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია „ჩვენი ხალხის სიმამაცეს, ჩვენი ნების ურყევობას და ურთიერთვალდეულებებს ეყრდნობა, რომლებიც ერთ მთლიანობად გვადუღაბებენ”.

დაადასტურა რა ამერიკის ერთგულება ნატოსადმი და ხელშეკრულების მეხუთე მუხლისადმი, პრეზიდენტმა მოუწოდა მოკავშირეებს უფრო სამართლიანად და მეტი პასუხისმგებლობთ გადაინაწილონ საერთო თავდაცვაზე ზრუნვის ტვირთი. ამან კონკრეტული, ახალი შედეგები მოიტანა: პირველად ათწლეულების განმავლობაში, მოკავშირეები მზად არიან გაზარდონ თავიანთი შენატანი საერთო თავდაცვის საქმეში. მეტის მოთხოვნით, ჩვენ უფრო გავაღრმავეთ ურთიერთობები. ეს სულაც არაა მოულოდნელი. სწორედ ურთიერთპატივისცემასა და პასუხისმგებლობის გაზიარებაზე დამყარებული ალიანსებია ძლიერი. საიმედო მოკავშირეები კი ამერიკის ძლიერების საყრდენია.

ისრაელში პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ებრაული სახელმწიფოს უსაფრთხოება, კეთილდღეობა და დემოკრატიულობა რეგიონში ამერიკის ინტერესებისათვის გადამწყვეტია. პრეზიდენტი ასევე შეხვდა პალესტინის ლიდერებს, რადგან ის აცნობიერებს ამერიკის ჩართულობის დიდ მნიშვნელობას ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების ძიებაში.

ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს ჩვენ ბევრს მოვთხოვთ. სამაგიეროდ, ამერიკა კვლავაც გადაიქცევა მათთვის საიმედო მეგობრად, ხოლო საერთო მტრებისათვის – მრისხანე ძალად. პრეზიდენტის ვიზიტმა დაადასტურა, თუკი რამდენად გმატებს ძალას, თუკი ვეჯიბრებით სხვებს საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად და იმავე დროს, ვაღრმავებთ მათთან ურთიერთობასა და ხელს ვუწყობთ თანამშრომლობას. ჩვენი სასიცოცხლო ინტერესია, საერთაშორისო დონეზე გავუძღვეთ ამერიკის სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების აღზევებას.

ჩვენ მსოფლიოსთან ვურთიერთობთ არა იმისთვის, რომ ვინმეს საკუთარი ცხოვრების წესი მოვახვიოთ თავს, არამედ რათა „თავისუფლების მიერ მონიჭებული კურთხევა დავიცვათ ჩვენთვის და ჩვენი შთამომავლებისათვის”. ეს გულისხმობს იმ ინტერესებისა და პრინციპების განსაზღვრას, რაც ამერიკას უნიკალურად აქცევს და მათ წინ წამოწევას ახლო აღმოსავლეთში, ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან და უფრო ფართოდაც.

პრეზიდენტი თავის პირველ საგარეო ვიზიტს იმ ნათელი ხედვით შეეგება, რომ მსოფლიო არაა „გლობალური თანამეგობრობა”, არამედ არის სცენა, სადაც ერები, არასახელმწიფო მოთამაშეები და ბიზნესის წარმომადგენლები ერთმანეთს ხვდებიან და უპირატესობისათვის იბრძვიან. ამ არენაზე ჩვენ ყველაზე უპირატესი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და მორალური ძალით წარვდგებით. საერთაშორისო ურთიერთობების ელემენტარული ბუნების უარყოფის ნაცვლად, ჩვენ ხელგაშლილი ვეგებებით მას.

ჩვენი მოგზაურობის ყოველ გაჩერებაზე, ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ნათლად განვუცხადეთ: სადაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ პრობლემების გადასაწყვეტად და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად. ჩვენ მოწინააღმდეგეებს კი გავაგებინეთ, რომ არა მხოლოდ სწორად ვაფასებთ მათ შესაძლებლობებს, მზად ვართ საკუთარი ძლიერებით არ დავუშვათ კონფლიქტი და დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ღირებულებები, არამედ მზად ვართ მოვიძიოთ საერთო ინტერესების სფეროები, რომლებიც ერთად მუშაობაში დაგვეხმარება. მოკლედ რომ ვთქვათ, ის საზოგადოებები, რომლებიც ჩვენს ინტერესებს იზიარებენ, ამერიკაზე უფრო საიმედო მეგობარს ვერ ინატრებენ. ისინი კი, ვინც ჩვენს ინტერესებს დაემუქრება, ჩვენს უმტკიცეს წინააღმდეგობას წააწყდება.

ეს ისტორიული მოგზაურობა, აშშ-ს პოზიციის სტრატეგიული ცვლილების მატარებელია. „უპირველესად ამერიკა” გვაუწყებს ამერიკის გლობალური ლიდერობის აღდგენას და ჩვენს საზღვრებს გარეთ ჩვენი მთავრობის ტრადიციული როლის დაბრუნებას – გამოიყენოს დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო რესურსები ამერიკის უსაფრთხოების განსამტკიცებლად, ამერიკის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, და მსოფლიოში ამერიკის გავლენის გასავრცელებლად.

გენერელ-ლეიტენანტი მაკმასტერი (Lt.Gen. MacMaster) ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველია თეთრ სახლში, გერი დ. კონი (Gary D. Cohn) ეროვნული ეკონომიკური საბჭოს (National Economic Council) დირექტორია.

წყარო: America First Does not Mean America Alone

Back to top button