Placeholder canvas
ანალიზიევროპა

ტრამპის დოქტრინა გაცხადდა

“ტრამპის დოქტრინა, რომელსაც მისი მრჩევლები გვაცნობენ, შიშისმომგვრელია.”

კლარიონმა უკვე გაგაცნოთ აშშ ადმინისტრაციის მრჩევლების მიერ გამოქვეყნებული საეტაპო სტატია “უპირველესად ამერიკა არ ნიშნავს ეულ ამერიკას”. ამჯერად გთავაზობთ ამ სტატიაზე ბრუკინგსის ინსტიტუტში ევროპისა და ამერიკის ცენტრის დირექტორის, კონსტანც შტელცენმიულერის გამოხმაურებას.

მსოფლიო უკვე კარგა ხანია მარჩიელობს, ტრამპიზმი მხოლოდ მუქარით სავსე ტვიტებით და მოუთოკავი ინსტინქტებით განსხეულდება, თუ მის უკან რამე უფრო მყარი დგას – მაგალითად ჩამოყალიბებული აზრების წყობა და არა მხოლოდ განწყობების კალეიდოსკოპი.

როგორც იქნა გასულ კვირას ამ კითხვას პასუხი გასცეს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების დარგში, გენერალმა ჰ.რ. მაკმასტერმა და გერი დ. კონმა, ეროვნული ეკონომიკური საბჭოს პრეზიდენტმა. მათი მიზანი იყო, განემარტათ საუდის არაბეთში, ისრაელსა და ევროპაში პრეზიდენტის პირველი საგარეო ტურნეს სტრატეგიული დანიშნულება.

ერთი შეხედვით ბუნებრივია, რომ სწორედ ამ ავტორებმა გადაწყვიტეს პრეზიდენტის ათდღიანი მოგზაურობის იმ კრიტიკოსებისათვის ეპასუხათ, ვისი ხედვითაც ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ტრამპის ყოფნა ქაოტური და აბურდული ფარსი იყო. ძნელია წინ აღუდგე ცდუნებას და მათი სტატია ტრამპის გამართლების დაგვიანებულ მცდელობად არ ჩათვალო. ეგებ პრეზიდენტის მრჩევლებს სურთ, დაგვარწმუნონ, რომ ისინი [ტრამპისგან განსხვავებით] სოლიდური მამაკაცები არიან და ზრუნავენ ადმინისტრაციის ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად, პრეზიდენტ ტრამპზე ზედმეტად იდეოლოგიზებული სუბიექტების გავლენის შესასუსტებლად.

მაგრამ – არა. მათი სულ რაღაც ათასსიტყვიანი ტექსტი ბევრად უფრო მეტს გვეუბნება. სტატია ყურადღებითაა დაწერილი და მოკლედ ახერხებს პოლიტიკის ძირითადი პრინიპების ჩამოყალიბებას. სანამ პრეზიდენტი თავის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას არ წარადგენს – რაც შემოდგომისთვის იგეგმება – სტორედ ეს სტატია იქნება ადმინისტრაციის მსოფლმხედველობის ყველაზე ავტორიტეტული ასახვა, რომლის ავტორიც ორი ძალაუფლებით აღჭურვილი, გამოცდილი და პატივსაცემი ადამიანია.

„ტრამპის დოქტრინა”, რომელსაც ისინი გვაცნობენ, შიშის მომგვრელია.

მაკმასტერისა და კონის თქმით, პრეზიდენტის მოგზაურობა „ისტორიული” იყო და „სტრატეგიულ ცვლილებას” მოასწავებს. „უპირველესად ამერიკა” გვაუწყებს ამერიკის გლობალური ლიდერობისა ღდგენასამერიკის უსაფრთხოების განსამტკიცებლად, ამერიკის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად, და მსოფლიოში ამერიკის გავლენის გასავრცელებლად.

მოკლედ რომ შევაჯამოთ: უპირველესად ამერიკა, ნიშნავს უპირველესად ამერიკას არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ყველგან, მთელ მსოფლიოში.

ეჭვის ნატამლიც რომ არ დაგვრჩეს, თუ რა ხედვა უდევს საფუძვლად ამ მიდგომას, ავტორები გვიხსნიან: „მსოფლიო არაა „გლობალური თანამეგობრობა”,არამედ არის სცენა, სადაც ერებიერთმანეთს ხვდებიან და უპირატესობისათვის იბრძვიან. საერთაშორისო ურთიერთობების ამ ელემენტარული ბუნების უარყოფის ნაცვლად, ჩვენ ხელგაშლილი ვეგებებით მას.

1945 წლიდან მოყოლებული, არც ერთ ამერიკელ პრეზიდენტს, რესპუბლიკელი იქნებოდა ის თუ დემოკრატი, ასე გადაჭრით არ აუღია ხელი გლობალური ლიბერალური წესრიგის დაცვაზე. [მეორე მსოფლიო ომის შემდეგ] მსოფლიოში მშვიდობის უზენაესი მიზნის მისაღწევად, გამარჯვებული სუპერსახელმწიფოც კი მზად იყო დამორჩილებოდა საყოველთაო წესებს, რითაც აღიარებდა საერთაშორისო თანამეგობრობის არსებობას, რომელიც ერთიან, საკაცობრიო ღირებულებებს ეყრდნობოდა და არა პრინციპს „ძალა აღმართს ხნავსო”. დიახ, რესპუბლიკელები ყოველთვის ხაზს უსვამდნენ, რომ ერებს შორის შეჯიბრი ჯანსაღი რამაა. მაგრამ არა ასეთი ტონით, რომელიც უფრო აინ რანდს [Ayn Rand, რუსული წარმოშობის ამერიკელი მწერალი, რომანტიკული რეალიზმის სტილში დაწერილ რომანებში განადიდებდა ინდივიდუალიზმს, რაციონალიზმს და ეგოიზმს. მისი ნაშრომები გავლენიანად ითვლება ამერიკელ ლიბერტარიანელებსა და კონსერვატორებს შორის] მოგვაგონებს, ვიდრე, სიტყვაზე, ჰენრი კისინჯერს.

გასულ ხუთშაბათს პრეზიდენტმა აშშ კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის ხელშეკრულებიდან გამოიყვანა – თუკი 194 ქვეყანა მისი პირობებით ხელახალ მოლაპარაკებას არ დათანხმდება – რითაც დაამტკიცა, რომ ადმინისტრაცია ჰაერზე არ ლაპარაკობს. ეს ძაღლი არამარტო ყეფს, არამედ იკბინება კიდეც.

ეს გადაწყვეტილება საფუძველს გვაძლევს დავფიქრდეთ და რამდენიმე დასკვნა გავაკეთოთ. მათგან პირველი ვაშინგტონის შიდა სამზარეულოს ეხება: მოხალისე იდეოლოგებსა და ზრდასრულ პროფესიონალებს შორის შეჯიბრი დასრულდა; პირელი რაუნდი იდეოლოგებმა მოიგეს. თეთრი სახლი ნაციონალისტური დოქტრინიდან უკან კი არ იხევს, პირიქით, ორმაგი ძალისხმევით ახორციელებს მას.

მეორე: მაკმასტერმა და კონმა თავიანთი გავლენა და რეპუტაცია პრეზიდენტს დაუკავშირეს იმდენად, რომ აშკარად ტყუიან, როცა ამბობენ რომ დონალდ ტრამპმა ბრიუსელში გამოსვლისას ნატოს მეხუთე მუხლის ანუ ნატოს წევრების ურთიერთთავდაცვისადმი აშშ-ს ერთგულება დაადასტურა. თუ ავტორებს უფრო გულმოწყალედ მოვეპყრობით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ისინი ამ გზით აფიქსირებენ უმაღლეს მთავარსარდალთან უთანხმოებას და ამით ცდილობენ შეაკავონ მისი ინსტინქტური რეაქცია და შეარბილონ მისი რიტორიკა. მაგრამ თუკი ეს „მსუბუქი ტრამპიზმია”, ის მაინც ძალიან შორსაა რესპუბლიკელებისათვის დამახასიათებელიინტერნაციონალიზმისაგან. ანუ მსუბუქია თუ მძიმე, ტრამპიზმი ტრამპიზმად რჩება.

არც ისაა დამაიმედებელი, რომ ეს სტატია მას მერე ქვეყნდება, რაც თავად პრეზიდენტმა თუ არა, მისმა იდეოლოგიურად განწყობილმა მრჩევლებმა ბრიუსელში გამოსვლის ტექსტიდან გააქრო ნატოს მეხუთე მუხლისადმი ვაშინგტონის პატივისცემის პირდაპირი დადასტურება. თუკი სტატიის ავტორი ორი მრჩეველი მართლაც ცდილობს პრეზიდენტი შეაკავოს, მათი გავლენა საკმაოდ შეზღუდული ჩანს.

მეორე გაკვეთილი კი ამერიკის ევროპელი მოკავშირეებისთვისაა ყურადსაღები. მაკმასტერი და კონი ერთი ხელის მოსმით უგულვებელყოფენ დასავლური ალიანსის ქვაკუთხედს: რწმენას, რომ ამ ქვეყნეის ერთობა მორალური კატეგორიაა და ის საერთო ღირებულებებს ეყრდნობა. ტექსტში სიტყვა „ღირებულებები სულ ორჯერაა ნახსენები და არა ამერიკის ევროპელ მოკავშირეებთან კავშირში: პირველად საუბარია ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტის მოგზაურობაზე, მეორედ კი ავტორები შეახსენებენ მოწინააღმდეგეებს, რომ აშშ „დაიცავს მის ინტერესებსსა და ღირებულებებს, მაგრამ ასევე მზადაა საერთო ინტერესები ეძიოს”.

„ღირებულებების” სანაცვლოდ ავტორები უცნაურ და ნაძალადევ ფორმულას იყენებენ – „პრინციპები, რომლებიც ამერიკას უნიკალურად აქცევს.” ისინი ხაზს უსვამენ, რომ ამერიკას სჭირდება მოკავშირეები, მაგრამ იმასაც ნათლად აცხადებენ, რომ ამერიკის მოკავშირეობა ნაცვალგებაზეა დამოკიდებული და დროშია შეზღუდული: „როდესაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა [ხაზგასმა ჩემია], ჩვენ მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ პრობლემების გადასაჭრელად და ახალი შესაძლებლობების საძიებლად.”

ევროპული ყურებისათვის ეს საკმაოდ დაფხავებული შეფასებაა იმ ურთიერთობისა, რომელიც უკვე 70 წელია გრძელდება, სიღრმისეულია და ფართო: დაწყებული საზოგადოებრივი და საქმიანი კონტაქტებით, დამთავრებული თავდაცვითა და უსაფრთხოებით. ის ადექვატურად არ ასახავს იმ 900 ევროპელის თავგანწირვას, რომლებიც ამერიკელი სამხედროების გვერდით ბრძოლისას დაიღუპნენ ავღანეთში მას შემდეგ, რაც ევროპამ ნატოს ისტორიაში პირველად გამოიყენა ნატოს მეხუთე მუხლი 2001 წლის 12 სექტემბერს – ამერიკის დასაცავად.

უმცა, ალბათ უმჯობესია ევროპელებმა ენა დაიმოკლონ, თორემ „…ისინი ვინც ჩვენი ინტერესების დაზიანებას ლამობენ, ჩვენს უმკაცრეს ნებას წააწყდებიან.” ეს ფრიად საქმიანი მუქარა კომპრომისის და ვაჭრობისათვის ადგილს არ ტოვებს. არც იმის წარმოსახვის საშუალებას იძლევა, რომ ჩვენი ურთიერთობა შეიძლება უფრო მეტს ემყარებოდეს, ვიდრე ჩვენი ინტერესების უბრალო ჯამია – მაგალითად ერთიანი მომავლის რწმენას.

ევროპელებმა გზავნილი სწორად აღიქვეს. პრეზიდენტ ტრამპის ვიზიტის შემდეგ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განუცხადა თავის ამომრჩევლებს, რომ ამერიკა (და ბრიტანეთი) აღარ არიან საიმედო პარტნიორები და ამიტომაც ევროპის კონტინენტმა თავისი მომავალი საკუთარ ხელში უნდა აიღოს. 7 ივნისს ევროკავშირის სამიტი მიიღებს გადაწყვეტილებებს რაც ევროპის თავდაცვისუნარიანობას გააძლიერებს – რაც უმთავრესად აგრესიული რუსეთისაგან მომავალი საფრთხითაა განპიროვებული.

ეს არ ნიშნავს, რომ ევროპელებმა ზურგი აქვიეს ამერიკას, ტრანსატლანტიკურ ურთირერთობებს ანდა ნატოს, ამ ურთიერთობების სამხედრო კომპონენტს. არც იმას, რომ ისინი საპირწონის შექმნას ცდილობენ. ეს უბრალოდ თვითგამორკვევის მომენტია. ალბათ მაკმასტერსა და კონს სწორედ ამის მიღწევა სურდათ.

ავტორი: კონსტანც შტელცენმიულერი/Constanze Stelzenmüller, ბრუკინგსის ინსტიტუტი

Back to top button