Placeholder canvas

სოხუმმა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულის საქმე შეწყვიტა

სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ 31 მაისს განაცხადა, რომ მათ 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული აფხაზი მესაზღვრის რაშიდ კანჯიოღლის მიმართ აღძრული საქმე შეწყვიტა.

საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სეპარატისტულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის მდებარე ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან 2016 წლის 19 მაისს მოკლეს. შემთხვევა სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს, სადაც ჩანს მომენტი, როცა გიგა ოთხოზორიას რამდენიმე გასროლის შემდეგ საკონტროლო გასროლით ჰკლავენ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აფხაზ მესაზღვრეს, რომელსაც ზუგდიდის სასამართლოს მიერ დაუსწრებლად 12-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, სასჯელი დაუმძიმა და პატიმრობა 14 წლამდე გაუზარდა. საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ინტერპოლმა რაშიდ კანჯიოღლის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა გამოაცხადა.

აფხაზეთის წარმომადგენლებმა თბილისს საკუთარი გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის თაობაზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 46-ე შეხვედრაზე აცნობეს. მანამდე სოხუმი აცხადებდა, რომ რაშიდ კანჯიოღლის შინაპატიმრობა მიუსაჯა.

1 ივნისს ადგილობრივ მედიასთან საუბრისას, სეპარატისტული აფხაზეთის სამხედრო პროკურორმა ადგურ აგრბამ დაადასტურა, რომ საქმე 21 აპრილს დაიხურა და ამის მიზეზად ის დაასახელა, რომ თბილისმა სოხუმს „საჭირო“ მტკიცებულებები საქმესთან დაკავშირებით ვერ წარუდგინა. თუმცა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა Civil.ge-ს განუცხადა, რომ ამგვარი მტკიცება „აბსურდულია“, ვინაიდან თბილისმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არსებული „ამომწურავი მასალა, მათ შორის ფოტო, ვიდეო და სხვა მტკიცებულებები“ მიაწოდა სეპარატისტულ ხელისუფლებას, ასევე გალის შეხვედრებში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციებს.

„გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის ე.წ. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება არის უკიდურესად ნეგატიური და ცალსახად ცინიკური. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს ყველა შესაძლო ბერკეტს, რათა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლი წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელსაც უიარაღო დამკვირვებლები ჰყავს ადგილზე, რომლებსაც რეგიონში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ, განაცხადა, რომ „სრული ერთწლიანი ინტენსიური მუშაობისა და საგამოძიებო მასალების ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრებზე გადაცემის შემდეგ, მართლმსაჯულების აღუსრულებლობა დიდი იმედგაცრუება იყო“.

გალის შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე განხორციელებული დაკავებები, ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის დახურვა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი.

30 აპრილს სამეგრელოს რეგიონის ადგილობრივი მედია იტყობინებოდა, რომ „გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი გადმოსწიეს. შედეგად ხურჩელი ომარ მიქაუტაძის და არველოდ ნაჭყებიას 2-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიას შეუერთდა“.

შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ბორდერიზაციის პროცესი „არა მარტო საფრთხეს უქმნის და აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს, არამედ პირდაპირ პროპორციულად ზღუდავს ადგილებრივებისთვის ფუნდამენტური უფლებებს და თავისუფლებებს“. მისი თქმით, თბილისმა კონკრეტული მასალები წარადგინა გალის შეხვედრაზე, „სადაც ნათლად იყო ასახული, რომ ბორდერიზაციის შედეგად ადგილობრივებმა დაკარგეს კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე წვდომა“.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 28 ივნისს გაიმართება.

მსგავსი/Related

Back to top button