აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აცხადებს, რომ მის გატაცებაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახური მონაწილეობდა

აფგან მუხთარლი, აზერბაიჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი, რომელიც თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და ერთი დღის შემდეგ ბაქოს წინასწარი დაკავების დაწესებულებაში აღმოჩნდა, აცხადებს, რომ ის თბილისში თავისი სახლის მახლობლად ძალით ჩასვეს მანქანაში უცნობმა პირებმა, რომლებიც, როგორც ის მიიჩნევს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები იყვნენ, განუცხადა მუხთარლის ადვოკატმა, ელჩინ სადიგოვმა რადიო თავისუფლების რუსულენოვან გამოცემას „ეხო კავკაზას“.

სადიგოვმა ასევე განაცხადა, რომ მუხთარლის ხელები შეუკრეს და სცემეს, რის შემდეგაც ძალით ჩასვეს ოპელის მარკის ავტომანქანაში. „მას ცხვირზე და შუბლზე ცემის კვალი აღენიშნება, თვალების ქვეშ კი სისხლჩაქცევები. იგი ეჭვობს, რომ ნეკნი აქვს გატეხილი, რადგანაც გულმკერდის არეში ძლიერ ტკივილს გრძნობს“, – განაცხადა მან.

„როდესაც ის მანქანაში ჩასვეს თავზე ტომარა ჩამოაცვეს. მან უთხრა, რომ გულის პრობლემები აქვს და ვერ სუნთქავდა, რის შემდეგაც თავზე მაისური ჩამოაცვეს და სკოჩით შეუკრეს“, – განაცხადა სადიგოვმა.

„მათ ორი საათის განმავლობაში იარეს, რის შემდეგაც მანქანა რაღაც ადგილას გაჩერდა და აფგანი სხვა მანქანაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, მანქანები კიდევ ერთხელ გამოცვალეს და მხოლოდ მესამე მანქანაში მათ უკვე აზერბაიჯანულად ისაუბრეს“, – განაცხადა სადიგოვმა.

სადიგოვმა აღნიშნა, რომ როდესაც მუხთარლის თავიდან მაისური მოაშორეს, ის უკვე აზერბაიჯანთან საზღვარზე იმყოფებოდა. „შემდეგ მას ჯიბეში 10 000 ევრო ჩაუდეს: აფგანი ამბობს, რომ მას ამდენი ფული არასდროს ჰქონია“, – განაცხადა სადიგოვმა.

ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ საზღვარზე ვიდეოკამერების შემოწმებას მოითხოვს. მან ასევე აღნიშნა, რომ მუხთარლის აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის დარღვევასა და კონტრაბანდაში ადანაშაულებს და დასძინა, რომ სასამართლო მოსმენა 31 მაისს გაიმართება. 

უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Amnesty International-მა 30 მაისს გავრცელებულ პრესრელიზში განაცხადა, რომ აზერბაჯანელი საგამოძიებო ჟურნალისტი აზერბაიჯანში „წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის რიკის ქვეშ იმყოფება“.

საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

მსგავსი/Related

Back to top button