Placeholder canvas

თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები ადგილობრივ არჩევნებში ერთად მონაწილეობაზე შეთანხმდნენ

ორი არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტია – თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია – ოქტომბერში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე ბლოკის სახით წარდგება, პარტიის ლიდერებმა 30 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა შალვა შავგულიძე ხაზი გაუსვა, რომ ორ პარტიას „გაგვაჩნია ღირებულებითი ერთიანობა, ამასთან თანამშრომლობის და პარტნიორობის მნიშვნელოვანი, საკმაოდ ხანგრძლივი გამოცდილება“.

„ჩვენ ერთიანი ძალით სწორედ თვითმმართველობიდან დავიწყებთ ქართული ოცნების შეუზღუდავი სახელისუფლებო ძალაუფლების შემცირებას და შევქნით საფუძველს იმისა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ეს პოლიტიკური ძალა, რომელმაც არ გაამართლა ჩვენი მოქალაქეების იმედები და, მარტივად და პირდაპირ რომ ვთქვათ, მოატყუა ქართველი ხალხი, დავამარცხოთ და ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას“, – განაცხადა მან.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ რესპუბლიკელებს და თავისუფალ დემოკრატებს პარტნიორობის და თანამშრომლობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ.

„ჩვენ ვართ ერთი იდეოლოგიის პარტია და გვაქვს მსგავსი ხედვა, როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი“, – განაცხადა მან. „სწორედ ამიტომ, ჩვენმა მოლაპარაკებებმა შედეგს მიაღწია და ჩვენ გავერთიანდით ერთ ბლოკად“.

„ეს ერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ საქართველოში, დღეს შექმნილ რეალობაში“, – განაცხადა სამნიძემ. „დღესაც მივიღეთ კლანური სასამართლო, დღესაც გვისმენენ და გვითვალთვალებენ, დღესაც ლაპარაკობს ხელისუფლება ცენტრალიზაციაზე და არა ძლიერ თვითმმართველობაზე“.

„სწორედ ამიტომ, ამ რეალობის შესაცვლელად გავერთიანდით ჩვენ ერთ ბლოკად და როგორც ერთი ბლოკი, ეს არის ჩვენი პოლიტიკური შემადგენელი ჩვენი მოლაპარაკებების, ჩვენი ბლოკის, ჩვენ გვინდა შევთავაზოთ საზოგადოებას, ჩვენს მოქალაქეებს თავისუფალი სივრცე, თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თვლის, რომ უნდა იზრუნოს საკუთარ სოფელზე, საკუთარ ქალაქზე, შეცვალოს რეალობა ჩვენს ქვეყანაში, ჩვენ ვეპატიჟებით“, – განაცხადა სამნიძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ ორი პარტია ადგილობრივ არჩევნებზე საერთო კანდიდატებს დაასახელებს და საერთო სიას წარადგენს. „ჩვენ ამ ეტაპზე წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები და შევთანხმდით ერთიან ბლოკზე. რაც შეეხება საერთო კანდიდატებს, საერთო სიებს, ამაზე უახლოეს მომავალში მოგახსენებთ, მათ შორის საარჩევნო პროგრამაზე და ყველა იმ საკითხზე როგორი ხედვა აქვს ამ ბლოკს უახლოეს დღეებში“, – განაცხადა სამნიძემ.

თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა, რომელთაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების შემადგენლობაში მიიღეს მონაწილეობა, 2016 წელს დამოუკიდებლად იყარეს კენჭი და პარლამენტში ვერ მოხვდნენ, რადგანაც ხმების მხოლოდ 4.63% და 1.55% მიიღეს, შესაბამისად.

არჩევნებში წარუმატებლობის შემდეგ ორივე პარტია რამდენიმე წამყვანმა წევრმა დატოვა, მათ შორის ლიდერებმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.

რესპუბლიკური პარტია (2007 წლიდან) და თავისუფალი დემოკრატები (2012 წლიდან) ევროპისთვის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) სრულუფლებიანი წევრები არიან.

მსგავსი/Related

Back to top button