Placeholder canvas
ანალიზიევროპა

ევროპის მხსნელი?

საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვებით, ემანუელ მაკრონი სერიოზულ ძალად გადაიქცა.

ახლა მისი მთავარი ამოცანა ქუჩის პროტესტების მოთოკვა იქნება.

ფლორანს ლეერისი ექთანია საფრანგეთის ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქ კალვადოსში, მაგრამ ორშაბათიდან ის პარლამენტის დეპუტატის ახალ კარიერას დაიწყებს. მეხანძრე ჟან მარი ფიევე, მას ქვეყნის დასავლეთ პროვინციითან შეუერთდება. ორივე ახალფეხშედგმულია პოლიტიკაში პარტიიდან „წინ რესპუბლიკა!“ (LRM), რომელიც ემანუელ მაკრონს ცხოვრებაში პირველი არჩევნების მოგებაში დაეხმარა და ელისეს საპრეზიდენტო სასახლის გასაღებიც ჩააბარა. კეთილი იყოს თქვენი ფეხი საფრანგეთის ახალ რევოლუციაში!

ფრანგი ხალხი ერთსულოვნად აღდგა პოლიტიკური ელიტის წინააღმდეგ, რომელმაც მათ იმედი გაუცრუა. 11 ივნისს გამართული საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ბატონი მაკრონის მიერ სულ რაღაც 14 თვის წინათ შექმნილი პარტია 577-დან 400 სადეპუტატო მანდატს დაეუფლება. სოციალისტები თავიანთი მანდატების 90%-ს დაკარგავენ. მათი ლიდერი მეორე ტურშიც კი ვერ გავიდა. რესპუბლიკელები ცოტა უფრო მეტ სადეპუტატო სავარძელს ინარჩუნებენ, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ სულ ცოტა ხნის წინათ მათ არჩევნებში გამარჯვების იმედი ჰქონდათ. ეს რამოდენიმე კვირაა რაც LRM-ის გამარჯვება გილიოტინის ალესილი პირის ვარდნასავით გარდაუვალი გახდა.

ბატონი მაკრონი დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხალხის რისხვის აზვირთებულ ტალღას ახალ არხში მიმართავს. ის ამომრჩევლებს ახალ პოლიტიკას სთავაზობს, რომელიც მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის გავლებულ საზღვრებს შლის. მას სურს, საფრანგეთის ღირსება აღადგინოს, ქვეყანას წინსვლის რწმენა შთაბეროს და  – გერმანიასთან ერთად – ევროკავშირიც გააძლიეროს. საფრანგეთის საზღვრებს მიღმა მაკრონს ბევრი სხვა, ჯერაც წარუმატებელი პოლიტიკოსი შენატრის. გამარჯვებისთვის მაკრონის რევოლუციას კარგი იდეებიც სჭირდება და მათი განხორციელების შესაძლებლობაც.

სულ სხვაგვარი მეამბოხე

ბატონი მაკრონის პიროვნება დროის მოთხოვნას მოერგო. ამომრჩევლები ფრანგული პოლიტიკის დამყაყებით იყვნენ გაბეზრებული და ახალ სახეებს ეძებდნენ. მაკრონი მმართველი კლასიდან კი მოდის – ელიტური უმაღლესი სკოლის მოსწავლეა, ყოფილი ბანკირი და მისი წინამორბედის კაბინეტში ეკონომიკის მინისტრი – მაგრამ პარტიული კადრი არასოდეს ყოფილა. თავისი ახალი პარტიაც წარსულისგან გათავისუფლების სულისკვეთებით შექმნა. სადეპუტატო კანდიდატების ნახევარი პირველად იყრის კენჭს; მათგან ნახევარი ქალია; საარჩევნო კამპანია კორუფციის წინააღმდეგ იყო მიმართული. წინა პარლამენტში ტიპიური დეპუტატი 60-70 წლისა იყო. მაკრონის პარტიის კანდიდატების საშუალო ასაკი კი 43 წელია.

თუკი პოპულისტები მემარჯვენე ან მემარცხენე უკიდურესობებს აწყდებიან, მაკრონის რევოლუცია ცენტრისტულია. ის საჯარო პოლიტიკის არჩევანში ორივე ფლანგიდან სესხულობს იდეებს: მემარჯვენეებისგან – მოსაზრებას, რომ ბაზრებისა და ბიზნესის გათავისუფლებით სამუშაო ადგილები და დოვლათი იქმნება; მემარცხენეებისაგან – რწმენას, რომ მთავრობის ვალია ჩამოაყალიბოს და წარმართოს პოლიტიკა და დაიცვას მოქალაქეები ბედის უკუღმართობისგან. ღია და დახურული საზოგადოებების ჭიდილში, მაკრონი გახსნილობის მხარესაა ვაჭრობაშიც და იმიგრაციაშიც. ფრანგული პოლიტიკის პირობაზე ის ეკონომიკური ლიბერალია.

რაც მთავარია, მაკრონი ოპტიმისტია. უკვე ათწლეულებია, რაც ფრანგი პოლიტიკოსები დაღონებული ბუტბუტებენ, რომ პოლიტიკა იდეოლოგიური ბრძოლაა და არა რეალური პრობლემების გადაწყვეტის გზა. ამგვარი დამოკიდებულება რეფორმებს წყალს უყენებს – რატომ შევცვალოთ რაღაც დღეს, თუკი ხვალ უარესს მივიღებთ? ბევრგან ევროპაში დემოკრატია ამომრჩევლების მიერ პოლიტიკოსების ცარიელი დაპირებების უხალისო დადასტურებად იქცა, რის სანაცვლოდაც ისინი ნაკლებ შემოსავალს და უგერგილო საჯარო მომსახურებას იღებენ.

რაღაც მანქანებით, ბატონმა მაკრონმა მოახერხა ფრანგების დარწმუნება, რომ წინსვლა შესაძლებელია. პოპულისტურ ძახილს, რომ თავისუფალი ბაზარი ბანკირებისა და გლობალიზაციის მომხრეთა შეთქმულებაა, ის ჯანსაღი პატრიოტიზმით პასუხობს – ხან პრეზიდენტ ტრამპს უგრეხს ხელს და ხანაც საფრანგეთის სახელმწიფოს დიად ცერემონიალს აცოცხლებს. იმიგრანტებისა და უცხოეთთან კონკურენციის შიშს ის უპირისპირებს რწმენას, რომ სწორად გამოყენების შემთხვევაში, ორივე ეს ფენომენი შესაძლოა საფრანგეთს კი არ ასუსტებდეს, არამედ აძლიერებდეს. ევროპის მოძულეებს, ვინც ამბობს ბრიუსელი ჩვენს სახელმწიფოს სუვერენიტეტს ემუქრებაო, ის პასუხობს რომ პირიქით – ევროკავშირი საფრანგეთის ძლიერებისა და სიდიადის გამტარებელი შეიძლება იყოს.

თუმცაღა, წარმატებისათვის კარგი იდეები არ კმარა. ბატონმა მაკრონმა ფრანგული პოლიტიკის მანკიერი ჩვევა უნდა დაძლიოს: უკვე 30 წელია, რაც ნებისმიერ რეფორმას ულტრამემარცხენეები ბლოკავენ. წარმატების საწინდარი იქნება ორი მიმართულებით წინსვლა –  სამუშაო ადგილების შექმნა და გერმანიასთან ურთიერთობების გაჯანსაღება.

საფრანგეთში უმუშევრობა გერმანიის მაჩვენებელზე ორჯერ მაღალია. 25 წელზე ახალგაზრდებს შორის უმუშევრობა 20%-ზე მაღლაა გაჭედილი. კომპანიები ერიდებიან მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნას, რადგან სოციალური გადასახადები მაღალია, ხოლო სამსახურიდან გათავისუფლება და რესტრუქტურიზაცია – ძვირი და რთული. ბატონ მაკრონს სურს შეამციროს უმუშევრობის გადასახადები, ხოლო შრომის ხელშეკრულებებზე შეთანხმების სისტემა უფრო მოქნილი გახადოს.

შრომის ბაზარზე წარმატების მიღწევა ხელს შეუწყობს გერმანიასთან ურთიერთობების გაჯანსაღებას. გერმანიას აღარ სჯერა, რომ საფრანგეთს შეუძლია მას ეკონომიკურად მხარში ამოუდგეს. ბერლინის გუნებას საფრანგეთის სახელმწიფო ხარჯვების მოთოკვა და ბიუროკრატიების არმიის გაჯანსაღებაც გააუმჯობესებს. გერმანია ხშირადაა ზედმეტად კონფრონტაციული საფრანგეთის მიმართ, მაგრამ ბატონი მაკრონი მათ მხარდაჭერას იმსახურებს. მაკრონის წარმატება გერმანიისათვის საუკეთესო – და იქნებ უკანასკნელი – შანსია ევროზონის განვითარების უზრუნველსაყოფად და ერთიანი ვალუტის სტრუქტურის გასაჯანსაღებლად.

საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მაკრონის პროგრამის განსახორციელებლად ნოყიერ ნიადაგს ქმნის. პრეზიდენტს გაუმართლა. მისი მთავარი მემარჯვენე მოწინააღმდეგე ფრანსუა ფიიონი კორუფციაში მხილებამ დაღუპა და მისი რესპუბლიკელებიც ნანგრევებს ქვეშ მოიყოლა. საფრანგეთის ორტურიანი საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო გაამყარებს LRM-ის გამარჯვებას. ევროკავშირის ეკონომიკის წინსვლა ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის (ამის წასახალისებლად მთავარია, მაკრონი ყურადღებით მოიქცეს და ბიუჯეტი ზედმეტად არ შეკვეცოს). პარლამენტზე მტკიცე კონტროლის დამყარებით, მაკრონს შეუძლია თავისი პირველადი გამართლება კანონზომიერ წარმატებად გარდასახოს.

ახლა წინააღმდეგობის მოძრაობა ქუჩებში გადაინაცვლებს. მაკრონის მოწინააღმდეგეები უკვე საუბრობენ, რომ ამ არჩევნებით ის ზედმეტად გაძლიერდა, რომ არჩევნებზე 50%-ზე ნაკლები ამომორჩეველი მივიდა და, ამდენად, მაკრონს დამაჯერებელი პოლიტიკური მანდატი არა აქვს. ულტრამემარცხენე პროფკავშირები შრომის ბაზრის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ რეფორმებს ბოლომდე შეეწინააღმდეგებიან.

მაკრონმა ამ ბრძოლის მოგება უნდა შეძლოს. მართალია, საფრანგეთის პრეზიდენტი ძლიერი ფიგურაა – მაგრამ უკანასკნელ წლებში საფრანგეთის პრობლემა პრეზიდენტის ძლიერება კიარა, მათი სისუსტე იყო.  სიმართლეა, რომ ბევრი ამომრჩეველი არ მოვიდა საარჩევნო ყუთებთან, მაგრამ მათი რიცხვი წლიდან წლამდე კლებულობს და დიდად არ განსხვავდება კანადისა თუ აშშ-ს მაჩვენებლისაგან. პროფკავშირებში მშრომელების მხოლოდ 8%-ია გაწევრიანებული – პოლიტიკური მანდატის პრობლემა მაკრონს კიარა, მათა აქვთ. სწორედ მათი წინააღმდეგობის დასაძლევადაა მნიშვნელოვანი, რომ ქალბატონი ლეერისი და ბატონი ფიევე ხვალიდან პარლამენტში იქნებიან.

რენესანსის მაცნე

ეს წარმატება შეიძლება გაცუდდეს. ბატონი მაკრონისაგან ზედმეტად ბევრს მოელიან. LRM-ში გამოცდილი პოლიტიკოსებიც არიან, მაგრამ შესაძლოა, მათ გაუჭირდეთ ახალწვეულების კონტროლი, რაც ქაოსსა და არეულობას გამოიწვევს. მაკრონს ბევრი გაფიცვა და ქუჩის პროტესტი ელის. რეფორმები როცა დაიწყება და სირთულეებს მოიტანს, ფრანგებს ხშირად დასჭირებათ შეხსენება, თუ რატომაა ეს ცვლილებები ერის ინტერესებში.

რისკები ცხადია და დიდი. თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის რევოლუცია, რომელსაც ბატონმა მაკრონმა უკვე მიაღწია. საფრანგეთის, ევროპისა და ყველა ცენტრისტის იმედები ახლა მასზე ჰკიდია.

წყარო: The Economist: Europe’s Saviour?

Back to top button