შს მინისტრი ნაციონალური მოძრაობის ‘შეთქმულებაზე’ საუბრობს

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, რომელმაც ხუთი თვის წინაც განაცხადა, რომ ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა „დესტაბილიზაციას“ გეგმავდა და ქუჩის აქციებისთვის საბურავებს იმარაგებდა,  საგაზეთო ინტერვიუში კვლავაც განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტია, მისი ლიდერი ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მათთან ასოცირებული არასამთავრობო ორგანიზაციები „ქაოსის შექმნას“ აპირებენ.

ინტერვიუში, რომელიც 10 სექტემბერს გაზეთ "ალიაში" გამოქვეყნდა, ჭიკაიძემ განაცხადა, რომ  „შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას“, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. მას გამოძიების შესახებ დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ცოტა ხნის წინ 29 წლის ჭიკაიძეს ოპონენტებმა გადადგომისკენ მოუწოდეს, რის მიზეზადაც მისი არაკომპეტენტურობა და უუნარობა დაასახელეს გაუმკლავდეს გაუარესებულ კრიმინოგენულ ვითარებას – ამ მოსაზრებას ხელისუფლება უარყოფს.  ოპონენტების კრიტიკა ასევე გამოიწვია პოლიციის ბოლოდროინდელმა სპეციალურმა საკონტროლო ღონისძიებებმა, რაც დანაშაულის პრევენციისკენაა მიმართული და რომლის დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მიერ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებსაც ჰქონდა ადგილი.

ინტერვიუში ჭიკაიძე აცხადებს, რომ უკრაინაში და თურქეთში ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე სააკაშვილმა გასცა „დავალებები, რომ შეიქმნას კარგად ორგანიზიებული 500-კაციანი მობილური ჯგუფი, რომელიც თავის მხრივ დაიყოფა ცალკეულ მობილურ ჯგუფებად“.
 
„მათ უნდა იმოქმედონ პროვოკაციულად, მათ შორის პოლიციის თვალწინ, ეცადონ მოახდინონ პოლიციის პროვოცირება, შექმნან ფორსმაჟორული სიტუაციები, მოაწყონ აგრესიული საპროტესტო აქციები, სხვადასხვა თემების მანიპულირებით, როგორიცაა კრიმინოგენური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური საკითხები, რუსეთთან ურთიერთობა, გამოიყენონ დევნილთა პრობლემები, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე მოახდინონ გაფიცვების პროვოცირება, შექმნან ქაოსური ვითარება. მათი მიზანია შექმნან ნეგატიური ფონი როგორც ქართულ საზოგადოებაში, ისე უცხოურ მედიაში და დიპლომატიურ საზოგადოებაში. მაგალითად, "თავისუფალი ზონის" წევრებს მიეცათ დავალება სასწრაფო დახმარების ექიმებისგან მიიღონ ინფორმაციები პიროვნების გარდაცვალების შესახებ და ეს გააპიარონ იმ კუთხით, რომ თითქოსდა ახალმა მთავრობამ შეუზღუდა მოსახლეობას სასწრაფოს გამოძახება და ეს არის ამის შედეგი. ამ გზით სურთ ნეგატიურად წარმოაჩინონ ის რეგულაციები, რაც მთავრობამ მიიღო სასწრაფოს რეფორმირებისათვის“, – განაცხადა ჭიკაიძემ „ალიასთან“ ინტერვიუში.

„სააკაშვილისვე დავალებით, ქაოსის შექმნის გეგმაში უნდა ჩართონ ეროვნული უმცირესობები, უნდა შეიქმნას ეროვნული უმცირესობებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები საქართველოში.  ეს არის ნაწილი გეგმისა,  რასაც სააკაშვილი გეგმავს“, – განაცხადა მან.

 „ამ გეგმას, პირადად ვაცხადებ, რომ განხორციელება არ უწერია. ისინი ვერც იმ ილუზიას შექმნიან, რომ თითქოს ქვეყანაში არის ქაოსი და ანარქია“, – განაცხადა ჭიკაიძემ.

მისი თქმით, საქართველოში ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელთა საქმიანობასაც ის „პატივს სცემს“, მაგრამ არიან სხვებიც, რომლებიც „არასამთავრიობო ორგანიზაციის საფარქვეშ მოქმედებენ და რეალურად ემსახურებიან კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებს“. 

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მათ ქვეყანაში შექმნან ქაოსის ილუზია, ყველამ გაიგოს, ვინც ანტიკონსტიტუციური გზით წავა და ქვეყანას საფრთხეს შეუქმნის, კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად დაისჯება“, – განაცხადა ჭიკაიძემ.

„ჩვენ განვახორციელებთ კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების აღსაკვეთად. უკვე მიღებულია კონკრეტული ზომები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად შეთქმულების მომზადებას. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტს ვერ დავკონკრეტდები“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სერგო რატიანმა უპასუხა, რომ მთავრობა, რომელსაც არ შეუძლია ქვეყანაში არსებული პრობლემები, მათ შორის გაზრდილი კრიმინალი მოაგვაროს, ცდილობს საზოგადოების ყურადღება აქტუალური საკითხებიდან გადაიტანოს „შეთქმულების შესახებ ზღაპრებზე“.   

2014 წლის აპრილში ჭიკაიძემ საგაზეთო ინტერვიუში ასევე წამოაყენა ანალოგიური ბრალდებები და განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა ქვეყანაში „დესტაბილიზაციის“ გამოწვევას ცდილობდა. როდესაც ივლისში საპარლამენტო მოსმენების დროს მას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჰკითხეს მზად იყო თუ არა ის მტკიცებულებები წარმოედგინა თავისი ბრალდებების გასამყარებლად, ჭიკაიძემ უპასუხა, რომ ეს „ძალიან კარგი პრევენციული ინტერვიუ“ იყო და დასძინა, რომ მას „ფაქტები“ გააჩნდა თავისი ბრალდებების გასამყარებლად, რომლებიც არ დაუკონკრეტებია.

Exit mobile version