Placeholder canvas
ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობა მეორე ტურის ‘დიდი ალბათობის’ შესახებ

ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მაშინ როცა ადგილობრივ არჩევნებზე მოსახლეობის თითქმის 60% არ მივიდა ხმის მისაცემად და ეგზით პოლის შედეგებით,  საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში მერის არჩევნების მეორე ტურის "ძალიან დიდი ალბათობაა", მმართველ კოალიციას საზეიმოდ არ აქვს საქმე.

ორმა ერთმანეთისგან დამოუკიდებელმა ეგზით პოლმა, რომლებიც „რუსთავი 2“-ის და „იმედის“ დაკვეთით ჩატარდა, აჩვენა, რომ ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია ლიდერობს; თუმცა „რუსთავი 2“-ის მიერ კომპანია  GfK-ისთვის დაკვეთილი ეგზით პოლი, აჩვენებს რომ ნარმანიას 46% არ არის საკმარისი პირველივე ტურში მოსაგებად და შესაძლოა მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან ნიკა მელიასთან დაპირისპირება გახდეს საჭირო, რომელსაც მომდევნო, 26%-იანი შედეგი აქვს. „იმედის“ მიერ  კომპანია ACT-ისთვის დაკვეთილი, ეგზით პოლის თანახმად, ნარმანიას ხმათა 52.6% აქვს მიღებული. ორივე ამ გამოკითხვის ცდომილება 3%-ია, ხოლო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგები ღამის 2 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.

ამ შედეგებზე დაყრდნობით, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ ის იგებს არჩევნებს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ოფიციალური შედეგების დალოდება.

ნაციონალურმა მოძრაობამ გამოთქვა ვარაუდი, რომ მთავრობა ცესკოზე ზეწოლის გზით შეეცდება შედეგების გაყალბებას.

„მე მინდა ყველა გავაფრთხილო, ნუ ეცდება არჩევნების შედეგების გაყალბებას, ნუ ეცდება იმ პროტესტის მიჩქმალვას, რომელიც დღეს გამოხატა ქართველმა ხალხმა და დავთვალოთ პატიოსნად“, – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელმაც გაიხსენა, რომ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კონკურენტს გამარჯვება სწორედ ეგზით პოლის შედეგებზე დაყრდნობით მიულოცა.

„ჩვენ ყოველთვის დავემორჩილებით ქართველი ხალხის გამოხატულ ნებას, მაგრამ არავის არ მივცემთ საშულებას, რომ გაყალბების გზით მიითვისოს გამარჯვება“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, ეგზით პოლების ორი შედეგიდან,  „ბევრად უფრო სარწმუნოდ გამოიყურება“ „რუსთავის 2“-ის დაკვეთით გერმანული კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვა.

კომპანია GfK-მ  ეგზით პოლები ჩაატარა როგორც 2012 წლის საპარლამენტო, ისე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. 2012 წელს მისი მონაცემები დაახლოებით 19 პროცენტული პუნქტით ჩამორჩებოდა ქართული ოცნების მიერ მიღებულ ხმებს, ხოლო 10 პროცენტული პუნქტით ნაციონალური მოძრაობის ოფიციალურ შედეგებს; თუმცა საპრეზიდენტო არჩევნებზე მის მიერ ჩატარებული ეგზით პოლები ოფიციალურ შედეგებთან შედარებით უფრო ახლოს იყო.  

ნაციონალურმა მოძრაობამ ასევე წერილობითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „დღევანდელი თვითმმართველობის არჩევნების ავტორიტეტული ეგზით პოლების შედეგები აჩვენებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მეორე ტურის ძალიან დიდი ალბათობაა“ და „მტკიცება იმისა რომ მეორე ტური არ იქნება მაშინ, როცა ამის ყველა წინაპირობა არსებობს, არის არაადექვატური და არადემოკრატიული“.

„მთავრობის კანდიდატებს ყველა დიდ ქალაქში აქვთ ძალიან სერიოზული პრობლემა მეორე ტურის, ამიტომ როგორც მინიმუმ, საზეიმოდ ნამდვილად არ აქვთ საქმე“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„ამ არჩვენების მთავარი გაკვეთილი არის ორი: პირველი ეს გახლავთ ის, რომ მიუხედავად რეპრესიების, ძალადობის და ძალიან მძიმე საარჩევნო ფონისა, ამ ქვეყანაში არსებობს ძლიერი ოპოზიცია, რომლის გაქრობასაც ასე საზეიმოდ აანონსებდა მთავრობა თვეების განმავლობაში; და მეორე და მთავარი გაკვეთილი, დღეს ჩვენმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ გამოხატა, რომ მათ არ მოწონთ შეუსრულებელ დაპირებებზე და მუდმივ დაპირისპირებაზე აგებული პოლიტიკა“, – განაცხადა მან.

 

მსგავსი/Related

Back to top button