ახალი ამბები

ადგილობრივი არჩევნებისთვის ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია ‘ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა’

ფინანსური მიზეზების გამო ამ ეტაპზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) საქართველოში 15 ივნისს დანიშნული ადგილობრივი არჩევნებისთვის დამკვირვებელთა მისია გამოგზავნოს, განაცხადა ODIHR-ის პრესსპიკერმა თომას რაიმერმა.

მან Civil.ge-ს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 14 აპრილს განუცხადა, რომ ODIHR-მა საქართველოს ხელისუფლებისგან მოწვევა მიიღო.

„სამწუხაროდ, იმის გამო რომ ეუთო-ს 2014 წლის ბიუჯეტი ჯერ კიდევ შესათანხმებელია, ჩვენი ოფისი იძულებული იყო [საქართველოს საგარეო უწყებისთვის] პასუხად გაეცა, რომ ფინანსური მიზეზების გამო ჩვენ ვერ შევძლებდით არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას", – განაცხადა ODIHR-ის პრესსპიკერმა, „იმ შემთხვევაში თუ ბიუჯეტი უახლოეს მომავალში დამტკიცდა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება გადაიხედოს, მაგრამ ამ ეტაპზე სადამკვირვებლო მისიის [საქართველოში] განთავსება ნაკლებად სავარაუდოდ ჩანს.“

დღეს დილით საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა რომ „შეიძლება ODIHR-მა არ გამოაგზავნოს დამკვირვებლები, რადგანაც ეს არის ადგილობრივი არჩევნები და ეს არ შედის მათ კომპეტენციაში.“ ODIHR-ს ყავდა როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს; ორგანიზაცია ასევე აკვირდებოდა 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებსაც.

ფანჯიკიძის ამ კომენტარის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მოწვევა ODIHR-ს ჯერ თებერვალში და შემდეგ მარტში გაეგზავნა.

„საპასუხო წერილში (2014 წლის 19 მარტი),  [ODIHR-მა] მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მოწვევის დროულად გაგზავნისათვის და აცნობა, რომ საბიუჯეტო პრობლემების გამო ვერ მოახერხებს არჩევნებზე დაკვირვების განხორციელებას. იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო დაბრკოლება აღმოიფხვრება, ODIHR-მა შესაძლოა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას", – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ „ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესიდან მიღებული წერილის თანახმად (2014 წლის 3 აპრილი), ისინი გამოგზავნიან დამკვირვებლებს ა.წ. 11-16 ივნისს.“

მსგავსი/Related

Back to top button