Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი საქართველოში ‘პოლიტიკური ანგარიშწორებით’ შეწუხებულია

აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ჯონ ბეინერმა განაცხადა, რომ ის „ძალიან შეწუხებულია ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციური პოლიტიკოსების დევნისა და დაკავების“ გამო საქართველოში.

მან 4 აპრილის წერილობითი განცხადებით უპასუხა ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებას პროკურატურაში.

ბეინერმა განაცხადა, რომ ამგვარი ტენდენცია „თავისუფალი ერების საერთაშორისო თანამეგობრობისთვის შეშფოთების წყაროს უნდა წარმოადგენდეს“.

„დაკითხვა და დაშინება ბევრ შემთხვევაში პოლიტიკური ანგარიშწორებით იყო მოტივირებული, რაც შორსაა სამართლიანი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულებისგან, რისი უფლებაც თითოეულ ქართველს აქვს. დღევანდელი ინფორმაცია [ბოკერიას დაკითხვის თაობაზე] ერთ–ერთი ბოლო შემაშფოთებელი ინფორმაციაა, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ერთგულებას თავისუფლების, გახსნილობის და დემოკრატიის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება. იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებს სხვა არჩევანი არ აქვს გარდა იმისა, რომ მზარდი შეშფოთებით ადევნოს თვალი საქართველოს რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენებს, მე კვლავაც მტკიცედ დავუჭერ მხარს იმ ძლიერ პარტნიორობას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს იმ ქართველებთან, რომლებიც თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების ღირებულებების და მათი დაცვის ერთგულნი რჩებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა დაწერა Twitter-ზე: „შეწუხებული ვარ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. ხელისუფლების შურისძიების პოლიტიკა არ შეესაბამება თავისუფალ და სამართლიან საარჩევნო გარემოს“.

 

მსგავსი/Related

Back to top button