ახალი ამბები

საქართველოს საგარეო უწყება: მიუხედავად რუსეთის ‘დესტრუქციული პოლიტიკისა’, თბილისი ურთიერთობის ‘ნორმალიზებას’ ცდილობს

რუსეთის „აგრესიის“ და საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული "დესტრუქციული პოლიტიკის" მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ცდილობს „რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ ნორმალიზებას“, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 7 აგვისტოს რუსეთთან ომის ხუთ წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების ინგლისურ ვერსიაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „მიუხედავად ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში არსებული დადებითი ტენდენციისა, სამწუხაროდ, მოსკოვმა გააქტიურა საქართველოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული პროვოკაციული პოლიტიკა“.

„2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოჭრისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განხორციელებიდან ხუთი წლის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კვლავაც ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს. შედეგად, რუსეთის შეიარაღებული ძალები არ აძლევენ ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის, ასობით ათასობით მსხვერპლს საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალიწინებული დებულებების შესრულებისა და საკუთარი შეიარაღებული ძალების ომამდე არსებულ პოზიციებზე დაბრუნების ნაცვლად, რუსეთმა „მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განლაგებული სამხედრო ბაზები, მათ შორის, სამხედრო ნაწილების რაოდენობის გაზრდისა და მძიმე თავდასხმითი შეიარაღების განთავსების გზით“.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთ–საქართველოს ომიდან ხუთი წლის თავზე საქართველოს ხელისუფლების მიზანს კვლავ წარმოადგენს რუსეთთან კონფლიქტის „მშვიდობიანი მოგვარება მოლაპარაკებების გზით, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე“.

თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში საქართველოს „კონსტრუქციული პოზიციის“ მიუხედავად, რუსეთმა  „გააძლიერა ჟენევის მოლაპარაკებების წინააღმდეგ მიმართული სტრატეგია, რაც კიდევ უფრო აფერხებს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების პროცესს“.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში, რომელიც 6 აგვისტოს გავიდა ეთერში, რუსეთის პრემიერ–მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები „საკმაოდ სასარგებლო“ გამოდგა.

თავის განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ჩამოთვალა ის ნაბიჯები, რომელიც ქვეყნის წინა და ამჟამინდელმა ხელისუფლებამ გადადგა, რაც მიზნად ისახავს „რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ ნორმალიზებას, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით“.

„ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ გადადგა კონკრეტული არსობრივი და კონსტრუქციული ნაბიჯები, კერძოდ: ცალმხრივად აიღო სამართლებრივი ვალდებულება არსებული კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ; რუსეთს მოუხსნა დაბრკოლება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე; ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის; უარი განაცხადა 2014 წლის სოჭის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტზე; განაცხადა მზადყოფნა, ითანამშრომლოს სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების საკითხებზე; დანიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხში, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთთან სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენის პოლიტიკური ნება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

„მიუხედავად ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში არსებული დადებითი ტენდენციისა, სამწუხაროდ, მოსკოვმა გააქტიურა საქართველოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული პროვოკაციული პოლიტიკა“,– ნათქვამია განცხადებაში. „რუსულმა მხარემ განაახლა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულ-ხლართებისა და მიწაყრილების გავლება, რაც წარმოადგენს საერთაშორისო საჯარო სამართლისა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას. რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არეალის გაფართოება, ღობეებისა და ბარიერების აშენების გზით, არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას და წარმოადგენს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას. ამასთან, რუსეთი, როგორც ოკუპანტი ძალა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, საერთაშორისო სამართლის თანახმად, პასუხისმგებელია, დაიცვას ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები“.

როდესაც მედვედევს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ „საზღვრის მოწყობის“ პროცესის შესახებ ჰკითხეს, მან უპასუხა „რუსთავი 2“–ს, რომ ეს კითხვა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას უნდა დაუსვან, რადგანაც ასეთი გადაწყვეტილები კრემლში არ მიუღიათ.

დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, მედვედევმა განაცხადა, რომ „ეს რუსეთის პრობლემა“ არ არის და რომ საქართველომ ამ საკითხის მოგვარება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან პირდაპირი დიალოგის გზით უნდა ეცადოს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა „ცდილობს ომით გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენასა და ხალხთაშორისი ურთიერთობების წახალისებას. აფხაზი და ოსი თანამემამულეებისათვის შერიგების ხელის გაწვდით, საქართველოს მთავრობის მიზანია, ხელი შეუწყოს მათ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და შექმნას საერთო მომავლის შენების პირობები“.

სამინისტრომ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარება „წარმოადგენს ქვეყნის გაერთიანების ყველაზე ეფექტურ და საიმედო გზას“.

„საქართველოს წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციასთან დაკავშირებული კურსი რჩება ურყევი. საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს ქართველი ხალხის მისწრაფებისა და არჩევანის რეალიზაციისა და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე ნაბიჯების გადასადგმელად“, – ნათქვამია განცხადებაში.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button