პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს რუსეთის ორბიტაზე უკან დაბრუნების ნებისმიერ მცდელობას ხელს შეუშლის და ქვეყანას „ევროპულ სახლს“ ვერავინ ჩამოაშორებს.
„ჩემზე ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა მისი უწმინდესობის მყარი ფასეულობები და მყარი ორიენტაცია დღევანდელ არც თუ ისე მარტივ სამყაროში. მე კარგად მახსოვს ეკლესიის როლი რამდენიმეთვიანი მასშტაბური ოკუპაციის დროს 2008 წელს,“, – განაცხადა სააკაშვილმა 13 იანვარს.
„მე კარგად ვიცი რა შემოთვლები ჰქონდა, მისი უწმინდესობისგან ვიცი ეს კარგად, 2008 წლის შემდეგ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან, რომ რაღაცა ისეთი როლი ეთამაშა ეკლესიას, რომელიც გარკვეულ დისტანცირებას მოახდენდა საქართველოს დამოუკიდებლობის და ოკუპაციასთან არშერიგების იდეასთან. და ამას პატრიარქმა გასცა ძალიან ღირსეული პასუხი“, – განაცხადა მან.
„და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ პასუხს გასცემს და ჩაერთვება, ყველანაირ მცდელობას შეუშლის ხელს საქართველოს უკან – რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისი ეს განცხადება წინ უსწრებს პატრიარქის დაგეგმილ ვიზიტს რუსეთში. ილია მეორე 21 იანვარს მოსკოვში დაგეგმილ ცერემონიაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდის ჯილდოს მიიღებს.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ქრისტიანობა არის „პასპორტი ევროპაში“.
„ევროპულ სახლს ჩვენ ვერავინ ვერ ჩამოგვაშორებს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა 13 იანვარს პატრიარქის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გამართულ საზეიმო ვახშამზე გააკეთა, სადაც მან ასევე ისაუბრა პატრიარქის როლზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში. ვახშამს, რომელიც საპატრიარქოში გამართულ წვეულებას უსწრებდა წინ, ასევე ესწრებოდა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.