ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიამ, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის სიების სიზუსტეზე პასუხისმგებელი ორგანოა, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა კარდაკარ გადამოწმების პროცესი დაიწყო, რომელიც 10 ივნისამდე გასტანს.
ამ პერიოდის განმავლობაში კომისიის მიერ დაქირავებული 11 100 რეგისტრატორი, რომლებმაც სპეციალური მომზადება გაიარეს, მოქალაქეებთან უშუალო კონტაქტის გზით შეეცდება გადაამოწმოს ქვეყანაში მყოფი ამომრჩეველთა რაოდენობა, დაადგინოს საზღვარგარეთ გასულთა, გარდაცვლილთა მონაცემები, ასევე მისამართზე დარეგისტრირებულ და რეალურად მცხოვრებ საარჩევნო ასაკის მქონე პირთა შესაბამისობა.
„ჩვენ უკვე ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამ ჩასწორებებს გავაკეთებთ“, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, ახალი მემარჯვენეების წევრმა მამუკა კაციტაძემ და აღნიშნა, რომ რეგისტრატორებს „კატეგორიულად ეკრძალებათ“ გადამოწმების პროცესში „პირდაპირი თუ ირიბი პოლიტიკური თუ პარტიული აგიტაციის“ გაწევა.
მისი თქმით, კომისიისთვის ორი უმთავრესი გამოწვევაა, რომ ამომრჩეველთა სიაში აღმოიფხვრას უზუსტობები და სიის მიმართ, რომლის სიზუსტეც ყოველთვის დავის საგანს წარმოადგენდა, საზოგადოებას გაუჩნდეს ნდობა. ოპოზიციის ნაწილი ამ კომისიის მუშაობის ეფექტურობას სკეპტიკურად უყურებს.
კანონმდებლობით, კომისია ვალდებულია, რომ 1 აგვისტოსთვის დაასრულოს სიების ფორმირება, თუმცა მას ასევე აქვს უფლება, რომ აგვისტოდან სიების ცესკოში გადაცემის შემდეგაც გააკონტროლოს ის ცვლილებები, რომლებსაც ცესკო სიაში არჩევნებამდე არაუგვიანეს მე–14 დღისა შეიტანს.
საარჩევნო სიების დაზუსტების 21–წევრიანი კომისია, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ნოემბერში შეიქმნა მმართველი, ასევე რამოდენიმე ოპოზიციური პარტიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით. აქამდე კომისია რეგიონული სტრუქტურების ფორმირებით და „კარდაკარ“ პროექტისთვის მზადებით იყო დაკავებული.
აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით თებერვალ–მარტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ კომისიის მიმართ საზოგადოებრივი ცნობადობა დაბალი იყო. კომისიის არსებობის შესახებ, გამოკითხულ რესპოდენტთა 60%–მა არაფერი იცოდა. ამასთან, გამოკითხულთა 23% აცხადებდა, რომ რეგისტრაციის მისამართზე არ ცხოვრობდა.