Placeholder canvas
ახალი ამბები

Wendy’s “ვისოლის” მეშვეობით ქართულ ბაზარზე შემოსვლას გეგმავს

მსოფლიოს მესამე უმსხვილესი სწრაფი კვების კორპორაცია Wendy’s-მა განაცხადა 5 აპრილს, რომ  "ვისოლ ჯგუფთან" შეთანხმებას მიაღწია მომდევნო 10 წლის მანძილზე საქართველოსა და აზერბაიჯანში 25 სწრაფი კვების რესტორნის გახსნის თაობაზე.

"ვისოლი" Wendy’s-ის პირველი რესტორანის გახსნას თბილისში 2013 წელს გეგმავს.

"ვისოლ ჯგუფი" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, რომლის ბიზნეს ინტერესები მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა ბენზინგასამართი სადგურების და სუპერმარკეტების ქსელი, სამშენებლო და სარეკლამო ბიზნესი. ვისოლის ერთ–ერთი აქციონერია კიდევ ერთი ქართული კონგლომერატი „სილქ როუდ გრუფი“.

„საქართველო დინამიური ბაზარია, რომელსაც Wendy’s ბრენდისთვის გრძელვადიანი ზრდის პოტენციალი გააჩნია და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს აღმოსავლეთ ევროპაში ჩვენი გაფართოების საქმეში“, – განაცხადა Wendy’s პრეზიდენტმა საერთაშორისო ბიზნესის საკითხებში, დარელ ვან ლიგტენმა.

ამჟამად, საქართველოში McDonald’s-ის ოთხი რესტორანი ფუნქციონირებს – სამი მათგანი თბილისში და ერთიც ქუთაისში. McDonald’s-ის პირველი რესტორანი საქართველოში 1999 წელს გაიხსნა.

მსგავსი/Related

Back to top button