Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო ‘შეშფოთებულია ევროკავშირსა და ბელარუსს შორის დაძაბული მდგომარეობის’ გამო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 23 მარტს, რომ „შეშფოთებით ადევნებს თვალყურს“ ევროკავშირისა და ბელარუსის ურთიერთობებში არსებული „დაძაბული მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების ტენდენციას“.

საქართველოს საგარეო უწყებამ განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნა, რაც ევროკავშირმა სანქციების გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო იმ პირთა მიმართ, რომლებიც ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზეწოლაზე არიან პასუხისმგებელნი. ამჯერად, ევროკავშირის 200–სუბიექტიან შავ სიას, რომელთაც ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ და რომელთა აქტივებიც გაყინულია, კიდევ 12 ადამიანი და 29 კომპანია დაემატა. ამის საპასუხოდ, ბელარუსმა განაცხადა, რომ ის „ვერ ხედავს იმის საჭიროებას“, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები, რომლებიც თავიანთმა ქვეყნებმა თებერვლის ბოლოს ბელარუსიდან გაიწვიეს, უკან დაბრუნდნენ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აუცილებლად მიაჩნია სასწრაფოდ განხორციელდეს მაქსიმალური ძალისხმევა ორმხრივი დიპლომატიური დიალოგისა და პირდაპირი კონტაქტების ინტენსიფიკაციის მიზნით, რათა მოხდეს დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილება და შემუშავდეს არსებული პრობლემების გადაჭრის გზები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფარგლებში და აღნიშნული ინიციატივის ფორმატში ურთიერთობების შემდგომ გაგრძელებას თითოეულ პარტნიორ ქვეყანასთან როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ განზომილებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

2011 წლის სექტემბერში, როდესაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ვარშავაში ჩატარებულ სამიტში ბელარუსმა მონაწილეობა არ მიიღო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბელარუსის გარეშე ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა ექვსი პოსტ–საბჭოთა ქვეყნისთვის “სრულფასოვანი პარტნიორობა ვერ იქნება“. მისი თქმით, „ძალიან ცუდი“ იყო, რომ ბელარუსის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ სამიტს და მოუწოდა ევროკავშირს არ მისცეს რუსეთს უფლება, რომ ბელარუსთან მიმართებაში ინიციატივა ხელში აიღოს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა არ დაკარგოს კონტროლი ამ პროცესსზე, ეს პროცესი არ ჩაუვარდეს ხელში მეორე დიდ მეზობელს, რომელიც  დაკავებულია ამ საკითხით“, – განაცხადა სააკაშვილმა შარშან სექტემბერში.

თავის პოლონელ კოლეგასთან ბრონისლავ კომოროვსკისთან 2011 წლის ივლისში ბათუმში გამართული შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა ევროპას არ შეაქციოს ზურგი ბელარუსს და განაცხადა, რომ ამ „ძალიან ევროპელი ერის“ იზოლირება იმით დასრულდება, რომ ბელარუსი დღევანდელი რუსეთის მთავრობის სრულ კონტროლქვეშ მოექცევა.

მსგავსი/Related

Back to top button