Placeholder canvas
ახალი ამბები

ანქვაბი: ‘არსებობენ ძალები, რომელთაც მართვადი პრეზიდენტი სურთ’

აფხაზეთის ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა „მაფია, კრიმინალური დაჯგუფებები“ და „მათთან დაახლოებული პოლიტიკური წრეები“ ახსენა, როდესაც 22 თებერვალს მის კორტეჟზე განხორციელებული თავდასხმის შესაძლო ორგანიზატორებზე საუბრობდა.

„არსებობენ ძალები, რომელთაც მართვადი და დაქვემდებარებული პრეზიდენტი, უნებისყოფო დამოკიდებული უმაღლესი ხელისუფლება სჭირდებათ“, – განაცხადა ანქვაბმა 23 თებერვალს „აფსნიპრესთან“ ინტერვიუში.

„აფხაზეთი არ უნდა გადაიქცეს ქვეყნად, სადაც კრიმინალური, ექსტრემისტული ჯგუფები და მათთან დაახლოებული პოლიტიკური წრეები შეძლებენ წესრიგის დამყარების გეგმების ჩაშლას“, – განაცხადა მან.

„მე ვიზიარებ აფხაზეთის მოქალაქეების მოსაზრებას, რომლებიც ამბობენ, რომ ეს იყო თავდასხმა ჩვენ სახელმწიფოებრიობასა და სუვერენიტეტზე, რომ ეს სიტუაციის შიგნიდან დესტაბილიზაციის მცდელობაა“, – განაცხადა ანქვაბმა.

„ამ ტიპის დანაშაულები და ტერაქტები კარგად ანაზღაურებადია. და ამხელა ფული ვერ ექნება უბრალო ხალხს, გლეხებს, მუშებს და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს. ასეთი ფული შეიძლება ჰქონდეს შეძლებულ ხალხს ან დაჯგუფებებს, მაფიოზურ კრიმინალურ სტრუქტურებს“, – განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა.  

მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთისთვის „განსაკუთრებით საშიშია“ „ექსტრემიზმი“ და „პოლიტიკაში ექსტრემალური ზომების გამოყენებისკენ მიდრეკილი ჯგუფები“.

„დანაშაულთან ბრძოლის გეგმები ჩემი კაპრიზი არ არის“, – განაგრძო მან, „ეს დროის და ჩვენი მოსახლეობის უმეტესობის მოთხოვნაა. ჩვენ ვიბრძოლებთ მათ წინააღმდეგ, ვინც სიტუაციის დესტაბილიზაციას ახდენს, მათ წინააღმდეგ, ვისი სურვილიც იქნებოდა, რომ აფხაზეთს დემოკრატიული, სამართლებრივი, ცივილიზებული სახელმწიფოს განვითარების და გაძლიერების გზიდან გადაეხვია“.

მან პირობა დადო, რომ „მკაცრ ზომებს“ მიიღებს ამ „საშიში პროცესის“ წინააღმდეგ და დასძინა: „ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესები ღრმა არ არის და მათთან ჯერ კიდევ შეიძლება ბრძოლა“.

„ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ქმედებების მართებულობის მიმართ ძალას და თავდაჯერებულობას მანიჭებს. არ მინდა, რომ ხალხს შიშის გრძნობა დაეუფლოს იმის გამო, რაც გუშინ მოხდა“, – განაცხადა მან.

23 თებერვალს „აფსნიპრესი“ ასევე იტყობინება, რომ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების და ექსპერტების ჯგუფი სოხუმში ჩავიდა, რათა აფხაზ სამართალდამცავებს ანქვაბზე თავდასხმის გამოძიებაში დაეხმარონ. 

 

მსგავსი/Related

Back to top button