Placeholder canvas
ახალი ამბები

ცისკარიშვილი: დეპუტატთა რაოდენობის გაზრდაზე გადაწყვეტილებას ‘აუცილებლად გადავხედავთ’

მმართველი პარტია მზადაა გადახედოს ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიასთან მიღწეული შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც დეპუტატთა რაოდენობის 150–დან 190–მდე ზრდას ითვალისწინებს მომდევნო პარლამენტში, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა პარლამენტში 6 დეკემბერს ამ საკითხზე გამართული დებატების დროს.

ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია საქართველოს პარლამენტში და ის საერთო–სახალხო განხილვის სავალდებულო ფაზას გადის ამჟამად. კანონპროექტის ინიციატორ 83 კანონმდებელს შორის არიან მმართველი პარტიის 72 დეპუტატი, ასევე ქრისტიან–დემოკრატების ფრაქციის სრული შემადგენლობა და რიგი სხვა დეპუტატები საპარლამენტო უმცირესობიდან.

ამ საკითხს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს სამოქალაქო და ექსპერტულ წრეებში, ვინაიდან ის უკავშირდება 2003 წლის რეფერენდუმის შედეგების გადახედვას, როდესაც ამომრჩეველთა უმეტესობამ მხარი პარლამენტის არაუმეტეს 150 დეპუტატით განსაზღვრას დაუჭირა. ოპონენტები აცხადებენ, რომ რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა, ქართული კანონმდებლობით, მხოლოდ ახალი რეფერენდუმით არის შესაძლებელი.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ამ საკითხზე დებატები  მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციურმა ფრაქციამ ერთობა სამართლიანობისათვის საკონსტიტუციო ცვლილებების უკან გაწვევისკენ მოუწოდა და ამ „დანაშაულებრივი“ ინიციატივის გამო გააკრიტიკა როგორც უმრავლესობა, ისე საპარლამენტო უმცირესობა.

დებატების დროს, როცა ყველა მხარე ურთიერთბრალდებებით გამოდიოდა და ერთ ეპიზოდში სიტყვიერ შეურაცხყოფასაც ჰქონდა ადგილი, ასევე ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ პარლამენტის რიცხოვნობის გაზრდა არაპოლულარული ნაბიჯია. 

დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან ლევან ვეფხვაძემ, რომელმაც კრიტიკის საპასუხოდ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გაჩერებისკენ მოუწოდა, განაცხადა, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია „უნამუსოდ“ ცდილობს, რომ „ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს შეტენოს“ პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე იმიტომ, რომ „ყველამ კარგად იცის“, რომ ეს თემა „საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელია“.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური კონსენსუსი შეიძლება მაღლა დავაყენოთ, ვიდრე ამ მომენტში საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრი, სწორედ იმიტომ, რომ ხვალ და ზეგ მათი ინტერესები უფრო მეტად იყოს დაცული პარლამენტში… ეს მულტიპარტიული დემოკრატიისთვის იქნებოდა კარგი, მაგრამ როგორც ჩანს, მათ ეს არ უნდათ", – განაცხადა მან.

“კი ბატონო იყოს ისე როგორც არის… დავტოვოთ 150–კაციანი პარლამენტი  და პირობას გაძლევთ, რომ ბევრი ის ადამიანი, რომელიც თავის დროზე რვიანის ფორმატშიც ითხოვდა გაზრდას, ოღონდ საჯაროდ იმის თავი არ ქონდა, რომ გამოსულიყო და ეთქვა… თვითონ მოვლენ და შეგვეხვეწებიან“, – განაცხადა მან.

კიდევ ერთმა დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატებიდან, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ დეპუტატების რაოდენობის გაზრდა ოპოზიციის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნებოდა.  

“არანაირად ხელისუფლებას გულზე არ ეხატებოდა ის რეალობა, რომელიც 190–კაციან პარლამენტს უკავშირდებოდა იმიტომ, რომ 150–კაციანი პარლამენტი, უპირველეს ყოვლისა, მათ აძლევს ხელს. 75/75–ზე ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება, რომელიც დღეს არის, ყოველთვის გამოიყენებს ამ ბერკეტს და 75 მაჟორიტარი ყოველთვის გადაწყვეტს პარლამენტის ბედს და ყოველთვის პრაქტიკულ  უმრავლესობაში იქნებიან არჩევნების დაწყებამდე“, – განაცხადა მან.

ამჟამად, პარლამენტში არსებული 150 მანდატი თანაბრად ნაწილდება 75/75–ზე პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს შორის. კონსტიტუციაში შემოთავაზებული ცვლილებებით კი, 190–წევრიან პარლამენტში 107 დეპუტატის არჩევა პარტიული სიით, ხოლო 83 დეპუტატის მაჟორიტარული წესით უნდა მოხდეს, რაც პროპორციული წესით ასარჩევ დეპუტატთა ხვედრით წილს გაზრდის. 

“გამომდინარე იქიდან რომ თურმე ჩვენ ვითხოვთ პარლამენტის გაზრდას 190–მდე – ამას ხელისუფლება ამბობს და მეორე მხრივ, თქვენ [მიმართა მან დეპუტატებს "ერთობა სამართლიანობიდან] კიდევ აქ გვაკრიტიკებთ იმაზე, რომ შნო არ გაქვს ელემენტარულად, რომ იმაზე ისაუბროთ, რომ ყოველთვის თანახმანი იყავით საჭიროების შემთხვევაში ამ კომპრომისზე წასულიყავით, მაგრამ დღეს ერთი ადგილიც არ გაქვს მაგისთვის, აქედან გამომდინარე გეუბნევით, ჩვენ გამოვიწვევთ ჩვენს ხელმოწერებს, მაგრამ  იცოდეთ, რომ ის, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 150–კაციან პარლამენტში ისევ აღმოჩნდება რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს ექნება სერიოზული პრობლემა, აი მაშინ ვილაპარაკოთ პასუხისმგებლობაზე“, – განაცხადა ახვლედიანმა თავის ემოციურ გამოსვლაში.

დეპუტატმა ერთობა სამართლიანობიდან, "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა გია ცაგარეიშვილმა მოუწოდა კოლეგებს უმცირესობიდან, რომ დაესახელებინათ კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იყო ოპოზიციურ რვიანში იმის მომხრე, რომ დეპუტატთა რაოდენობა გაზრდილიყო. მისი ამ განცხადების დროს დეპუტატები უმცირესობიდან სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ.

“ვინ რაზე ურიგდებოდა, ეს კარგად ჩანს იმ ხელმოწერებიდან, რომელიც თქვენ დააფიქსირეთ [საარჩევნო შეთანხმებაზე] საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა, „ყველაფერს გაარკვევს პატიოსნად, დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები და იქ გამოჩნდება, ბატონო ლევან და ბატონო გიორგი, ვის მართლა რისი ადგილი აქვს“.  

მისი თქმით, დაუშვებელია, რომ რეფერენდუმით მიღებული გადაწყვეტილება, „პარტიული გარიგებების საფუძველზე“ შეიცვალოს. 

“რეფერენდუმი ჩატარებულია  – ამას წყალი არ გაუვა“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა, „თუ გინდათ თქვენ როგორმე ეს საკითხი გადაწყდეს, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს რეფერენდუმით… მაგრამ თქვენ რეფერენდუმს ვერ ჩაატარებთ იმიტომ, რომ ეს არის საკმაოდ არაპოპულარული თემა, ეს კითხვა გამოტანილი სარეფერენდუმოდ განწირულია ჩასავარდნად და თქვენ [ხელისუფლება მიმართა] საარჩევნო წელს ეს არაფრით არ გაწყობთ“.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ადრე გაკეთებული განცხადების მსგავსად, კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ დეპუტატთა რაოდენობის გაზრდაზე შეთავაზება მათ ოპოზიციისგან მიიღეს და ამას „კომპრომისის“ სახით დათანხმდნენ, რათა მეტი შანსი მიეცათ პოლიტიკური ოპონენტებისთვის მომავალ პარლამენტებში მოსახვედრად.

პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ „უსინდისობაა“ ის, რომ ლევან ვეფხვაძემ ძალიან კარგად იცის, რომ „მათი მხრიდან მოდიოდა ეს ინიციატივა“ და ამის აღიარება „არ გინდათ, გეშინიათ, ან გცხვენიათ“.

„ჩვენ ამას კომპრომისის სახით დავეთანხმეთ, რომ ყოფილიყო პოლიტიკური პლურალიზმი პარლამენტში… იმიტომ, რომ მაჟორიტარები ხშირ შემთხვევაში არიან ხოლმე  ხელისუფლებიდან წარმოდგენილი პარლამენტში და სიითი შემადგენლობით შანსი მისცემოდათ პოლიტიკურ პარტიებს გაეყვანათ უფრო მეტი დეპუტატი, შეექმნათ ფრაქციები და ყოფილიყვნენ უფრო ძლიერად წარმოდგენილნი“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

„კი ბატონო, არ გნებავთ, ჩვენ გადავხედავთ აუცილებლად, აი ამ გამოსვლების შემდეგ რაც მოვისმინეთ, ჩვენ გადავხედავთ ამ გადაწყვეტილებას და ამ მიმართულებას“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამ საკითხზე მმართველი პარტია საგანგებოდ იმსჯელებს.

ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ შედარებით ზომიერი კომენტარი გააკეთა და მოუწოდა კოლეგებს, რომ „შეთანხმების ნებისმიერი ფორმით გადახედვა მოხდეს ასევე შეთანხმების და კონსენსუსის საფუძველზე და ამის საფუძველი არ გახდეს პოლიტიკური დებატების დროს ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებები“.   

მან ასევე შეახსენა, რომ საარჩევნო შეთანხმება „ძალიან ხანგრძლივი პროცესის შედეგად მიღწეული კონსენსუსია“ და თუ მონაწილე პარტიებს არ სურთ ეს შეთანხმება, „ძალას ვერავინ ვერ დაატანს“. 

მმართველი პარტია და ოპოზიცია საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებებს 2010 წლის ნოემბრიდან მართავდა. ოპოზიციის მიერ ამ მოლაპარაკებების პროცესში წარმოდგენილი არც ერთი წერილობითი შემოთავაზება არ ითვალისწინებდა დეპუტატების რაოდენობის ზრდას. დეპუტატების რაოდენობის ზრდის იდეა პირველად 2011 წლის მარტში ამოტივტივდა, როდესაც მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე საკუთარი წინადადებები წარმოადგინა; მმართველი პარტიის მიერ ივნისის ბოლოს წარმოდგენილი შეცვლილი წინადადება კვლავ ითვალისწინებდა დეპუტატების რაოდენობის ზრდას, ამჯერად 150–დან 190–მდე. საბოლოო ჯამში, სწორედ ამ უკანასკნელ ვარიანტზე მოხდა შეთანხმება რამდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან, ხოლო ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ გარიგებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.  

მსგავსი/Related

Back to top button