ახალი ამბები

ლავროვი: ‘სააკაშვილს არავინ არასდროს არ დაპატიჟებს რუსეთში’

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს „არავინ არასდროს არ დაპატიჟებს რუსეთში“.

“ეს არის ადამიანი, რომელიც ამოღებულია ჩვენი პარტნიორების ჩამონათვალიდან, ჩვენი საურთიერთობო სიიდან. მან გასცა რუსი სამშვიდობოების, და ამასთან ერთად იმ მოქალაქეების მკვლელობის ბრძანება, რომელთაც თავისიანებად თვლიდა – მე მხედველობაში მყავს სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები, თავად ის ლაპარაკობდა, რომ ეს მისი ტერიტორიაა და ანუ მისი მოქალაქეები იყვნენ“, – განაცხადა ლავროვმა, ადრე რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ არაერთხელ გამოთქმული პოზიციის ანალოგიურად.  

მან ეს განცხადება სამ რუსულ რადიოსადგურთან 21 ოქტომბერს მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, როცა მას საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე კითხეს, რაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად „ასობით ათას უბრალო ქართველს“ რუსეთში ჩასვლისთვის დაბრკოლებას უქმნის.

“ჩვენი სურვილია გვქონდეს ცივილიზებული ურთიერთობები ქვეყნებთან. და როცა სახელმწიფო წყვეტს დიპლომატიურ კავშირებს, მასთან უვიზო რეჟიმის ქონა – უბრალოდ ნონსენსია. ბევრჯერ მომმართეს ჩვენმა ხელოვნების, კულტურის მოღვაწეებმა იმის მითითებით, რომ აქვთ ერთობლივი პროექტები ქართველ პარტიორებთან. პრობლემა არაა: ჩვენ გავცემთ ვიზებს, ადამიანები ჩამოდიან, მუშაობენ. გავცემთ ვიზებს ნათესავებთან სტუმრობისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ „სააკაშვილის“ და არა რუსეთის ინიციატივა იყო ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა.

“და ჩვენი ბრალი არ არის, რომ ახლა შეზღუდული ვართ კონტაქტებში და გვაქვს მხოლოდ რუსეთის ინტერესების სექცია თბილისში შვეიცარიის საელჩოში და საქართველოსი მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში. ვიზები ჰუმანიტარულ, კულტურულ, საგანმანათლებლო კონტაქტებისთვის გაიცემა“, – განაცხადა ლავროვმა.

მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა, ორივე ქვეყნის დიპლომატიური მისიები შუამავალი ქვეყნის  – შვეიცარიის საელჩოებში მუშაობენ 2009 წლის მარტიდან.

თუმცა თბილისი აცხადებს, რომ რუსეთი ხელს უშლის მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექციის „ნორმალურ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას“.

21 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ პარასკევს რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციას კვლავ შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც „უკვე მესამედ მიმდინარე წლის აგვისტოდან სექცია იძულებულია შეწყვიტოს მოქალაქეთათვის საკონსულო მომსახურების გაწევა“. თბილისი "კატეგორიულად მოითხოვს" რუსული მხარისგან ამ პრობლემის აღმოფხვრას.

 

მსგავსი/Related

Back to top button