Placeholder canvas
ახალი ამბები

WikiLeaks: საქართველო ვმო–ზე მოლაპარაკებებში რუსეთთან სასაზღვრო საკითხებზე ‘მყარად დგას’

თბილისში აშშ–ის საელჩოდან 2006 წელს ვაშინგტონში გაგზავნილი დიპლომატიური ტელეგრამა აჩვენებს, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაზე (ვმო) რუსეთ–საქართველოს მოლაპარაკებების არსი დიდად არ შეცვლილა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

2006 წლის მაისის ტელეგრამას, რომელიც WikiLeaks–მა აგვისტოს ბოლოს გამოაქვეყნა, კლასიფიცირებული არ არის როგორც საიდუმლო, თუმცა მითითებული აქვს რომ განკუთვნილია მხოლოდ „ოფიციალური მოხმარებისთვის“, რადგან „მგრძნობიარე“ ინფორმაციას შეიცავს. იგი ეხება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელ მოადგილეს და ამერიკელ დიპლომატს შორის შეხვედრის დეტალებს, რომელიც 2006 წლის მაისში ქართულ და რუსულ დელეგაციებს შორის თბილისში ვმო–ზე გამართული მოლაპარაკებების წინ შედგა.

აშშ–ის მაშინდელი ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი ვაშინგტონს აუწყებდა, რომ თბილისის წინადადება იყო, რომ „დნესტრისპირეთში ევროკავშირის სასაზღვრო მონიტორინგი ქართულ–რუსული ჩიხის დაძლევის მოდელი გამხდარიყო“.

საქართველო კვლავაც მოითხოვს რუსეთთან სეპარატისტულ რეგიონების გასწვრივ არსებულ სასაზღვრო–გამშვებ პუნქტებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის შემოღებას; ამასთან ერთად თბილისს სურს ტვირთბრუნვის შესახებ ინფორმაციის წინასწარი გაცვლის მექანიზმის შემოღება – ეს ორი კომპონენტი, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, უზრუნველყოფს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამჟამად მის მიერ უკონტორლო საზღვრების გამჭირვალობას. საქართველომ და რუსეთმა ვმო–ზე მოლაპარაკებები შვეიცარიის შუამავლობით 2011 წლის მარტში განაახლეს; მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი სექტემბერში იგეგმება.

„სასაზღვრო გამშვებ [პუნქტებთან] დაკავშირებით საქართველოს განზრახული აქვს ძალიან მყარად იდგეს თავის პოზიციაზე. მის უზარმაზ ჩრდილოელ მეზობელთან დაძაბულ ურთიერთობებში ეს საქართველოს ერთადერთი ბერკეტია და ქართველები მოწოდებულნი არიან გამოიყენონ ის, რათა გარკვეული სახის კონტროლი დაამყარონ ტვირთის,  მაღალგამდიდრებული ურანის, ყალბი აშშ დოლარების, იარაღისა და ადამიანების უკანონო მოძრაობასა და ბრუნვზე, რასაც არსებული მოსაზრებით, ადგილი აქვს კონფლიქტური რეგიონების გავლით“, – წერს ჯონ ტეფტი 2006 წლის მაისის ტელეგრამაში.

“ნებისმიერი გამოსავალი, რაც მისაღები შეიძლება იყოს საქართველოსთვის, მიუღებელი იქნება აფხაზებისა და სამხრეთ ოსებისთვის, რომლებსაც რუსეთი უჭერს მხარს“, – წერს ყოფილი ელჩი თბილისში და დასძენს, რომ საქართველო „საკითხის პოლიტიზირებას თავიდან იცილებს“.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის რუსეთს ჯერ კიდევ დასასრულებელი ქონდა მრავალმხრივი მოლაპარაკებები ვმო–ში გაწევრიანებისთვის, საქართველოს „წინააღმდეგობა რჩება მისი მიღების ერთადერთ დაბრკოლებად“. 

მსგავსი/Related

Back to top button