Placeholder canvas
ახალი ამბები

შსს–ის აუდიო და ვიდეო ჩანაწერები აქციის ლიდერებს ‘ძალადობის დაგეგმვაში’ ამხელს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 და 27 მაისს რამდენიმე ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომლებიც, პოლიციის თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ საპროტესტო აქციების რამდენიმე ორგანიზატორს "ხელისუფლების ძალადობის და საზოგადოებრივი უწესრიგობის გზით შეცვლა“ ჰქონდა განზრახული.

შსს–ს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განაცხადა, რომ "ჯერჯერობით ამ ბრალდებით დაკავებული ჩვენ არავინ არ გვყავს.“

"თუმცა მიმდინარეობს გამოძიება,“ – განაცხადა მან.

26 მაისს შსს–მ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის და მისი 25 წლის ვაჟის, ანზორ ბიწაძის აუდიო ჩანაწერი გამოაქვეყნა. ბურჯანაძის შვილი ბოლო დღეების საპროტესტო აქციებში აქტიურად იყო ჩართული.

ჩანაწერში არის ფრაზები, სადაც ანზორ ბიწაძე ბურჯანაძეს ეუბნება, რომ "თუ პასუხისმგებლობას იღებ, მაშინ სამოქალაქო ომზე წასვლა ღირს“ და დასძენს, რომ ამის გაკეთება შესაძლოა ღირდეს 100 ან 200 ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე.  მისი თქმით, თუ სამშობლოს დაჭირდება, შეიძლება რამდენიმე ასეული ადამიანი მოკვდეს კიდევაც, ეს სურვილი კი არ არის, „ეს ლაპარაკია იმაზე, რომ თუ ჩემ სამშობლოს დაჭირდება მე უნდა მოვკვდე“.

ბურჯანაძე და მისი ვაჟი რუსეთის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებასაც განიხილავენ; ბურჯანაძე ეუბნება თავის შვილს, რომ საზოგადოება პოლარიზებულია და რომ რესპონდეტთა ნახევარი რუსეთს მტრად არ აღიქვავს.

შემდეგ ისინი ეგვიპტის მსგავს სცენარს განიხილავენ, რომლის დროსაც ბიწაძე ამბობს, რომ დროებითი მთავრობა უნდა შეიქმნას. „ეს კრება რაღად გინდა მაშინ? …  ეგვიპტეში დაალაგეს [სიტუაცია], სამი თვე არ გასულა და ტურისტები ჩავიდნენ. მაგრამ იქ ჯარია ძლიერი. ჩვენი ჯარიც კი დაგვიდგება გვერდზე, მაგრამ მთხლეა, რად გინდა. "ჯარი დაივიწყე,“ – ამბობს ანზორ ბიწაძე.

"აბა პოლიცია ვერ მოგვერევა,“ – ეუბნება ბურჯანაძე, "კოჯრის ბატალიონი გვესვრის ვითომ?“

„არა კაცო, რა სისულელეა. შეიძლება კოჯრის ბატალიონმა გადაგვიკეტოს გზა, ჩაგვიყენოს ტანკი, ბეტეერი, მაგრამ არ გესვრის,“ – აცხადებს ანზორ ბიწაძე.

"რატომ ხარ ეგეთი დარწმუნებული?“ – კითხულობს ბურჯანაძე.

"იცი რა – კოჯრის ბატალიონი თუ მესვრის, პირველ იერიშს ავიცილებ და დადგეს და გრუ–ს სპეცნაზთან გაარკვიოს ურთიერთობა,“ – პასუხობს მისი შვილი.     

ბურჯანაძე ჩანაწერში არსებული ხმების აუთენტურობაზე არ დავობს; თუმცა, 26 მაისს მან განაცხადა, რომ მას "აბსოლუტურ აუთენტურობაში ნამდვილად ძალიან დიდი ეჭვი“ ეპარება.

„აბსოლუტურ აუთენტურობაში მე ნამდვილად ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, შეიძლება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ტიპის სიტყვები და ფრაზები იყო ნათქვამი,"– განუცხავა მან ჟურნალისტებს 26 მაისს.

"ეს არის საკაშვილის ხელისუფლების როგორმე თავისი დანაშაულისაგან ყურადღების გადატანა,“ – განაცხადა ბურჯანაძემ.

27 მაისს გამოქვეყნებულ ერთ ფარულ ვიდეო ჩანაწერში, სადაც, შსს–ის მითითებით, 8 მაისს რესტორანში სუფრასთან მსხდომი მამაკაცები ჩანან და სახალხო კრების „შეფიცულთა“ გეგმებს განიხილავენ, ბადრი ბიწაძე, ნინო ბურჯანაძის მეუღლე და სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ამბობს, რომ "ამ სიტუაციას“ ბათუმში უხელმძღვანელებს ვინმე "სიხარულიძე“, სადაც არის 150 კაცი და სადაც იქნება „მინი–თბილისი“ წინააღმდეგობის გაწევის თვალსაზრისით. ის ასევე ამბობს, რომ "ჩვენ უნდა ვიცოდეთ,  რეალური ვინ არის მებრძოლი ხალხი“ და ამ რაოდენობის მიხედვით უნდა მოხდეს გათვლა. „თუ ვიტყვით, რომ 500 კაცი არ არის და 50 კაცია, იმ 50 კაცზე უნდა მოხდეს გათვლა… უფრო ძნელი იქნება, მაგრამ მაინც შეიძლება იმითაც საქმის გაკეთება,“– ამბობს ბიწაძე.  ვიდეო მასალის ბოლოში ის ასევე იძახის, რომ „ფაქტიურად გათვლილია ყველაფერი“.

იმავე ჩანაწერში სახალხო კრების ერთ–ერთი ლიდერის ირაკლი ბათიაშვილის ხმა ამბობს, რომ მათი მთავარი ძალა არის ის, რომ ჰყავთ „შეფიცულები“, რომელსაც შეიძლება „სხვა ორგანიზებული ჯგუფები დაემატოს“ და ამას ზურგს უმაგრებს „ხალხის მასა“, რომელსაც „თუ თავში უდგას ეს ორგანიზებული ავანგარდი [ასახელებს 3 ათასს კაცს]… მასა იქცევა საშინელ ძალად“.

ბათიაშვილის ადგილსამყოფელი, მისი ოჯახის განცხადებით, უცნობია მას შემდეგ, რაც 26 მაისს ღამით სპეცრაზმმა მისი მონაწილეობით მიმდინარე საპროტესტო აქცია დაარბია. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათთვის უცნობია, თუ სად იმყოფება ბათიაშვილი და არც მისი დაპატიმრების გეგმები არ აქვთ.

სახალხო კრებამ აქციების დაწყებამდე განაცხადა, რომ ჩამოაყალიბა "შეფიცულთა“ ჯგუფები, მათი თქმით, "ხელისუფლების უკანონობისა და ძალადობისგან მოსახლეობის დაცვის მიზნით“.

ამავე ვიდეო–მასალაში, სავარაუდოდ, გადამდგარი გენერლის და "შეფიცულთა" ერთ–ერთი მეთაურის გია უჩავას ხმა ახსენებს 500 "მეომარ“ კაცს. ასევე 3000–4000 ადამიანს აღმოსავლეთ საქართველოდან.

ფარულად ჩაწერილ ერთ ეპიზოდში, რომელიც შსს–ის მითითებით 4 აპრილით თარიღდება, სახალხო კრების ოფისში გია უჩავას მამაკაცი აჩვენებს, სავარაუდოდ ხელნაკეთ საგანს, რომელზეც ეუბნება, რომ „სხვა მომენტში არის ცივი იარაღი“. მეორე მოკლე ეპიზოდში ჩანს მამაკაცი, რომელსაც ხელში რკინის ბურთულები უჭირავს.  შემდეგ მოდის კადრი, სადაც არავინ ჩანს, თუმცა ისმის ხმა, რომელიც ამბობს: "თუ მაგაზე წავიდა. შენ რომ შარიკები ესროლო, მაშინ ჩვენ უნდა იარაღები ვესროლოთ“. 

ერთ ეპიზოდში, რომელიც შსს–ის განცხადებით, 19 მაისს არის ჩაწერილი სახალხო კრების ოფისში, გია უჩავა მაგიდასთან მსხდომ მამაკაცებს დავალებებს აძლევს. ერთ–ერთი ეუბნება, რომ დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ფაქტორი გასათვალისწინებელია, რაზეც უჩავა პასუხობს: "ეგ უარესია მაგათთვის… ნებისმიერმა იდიოტმა, რომელმაც ჯარი გამოიყვანა“ ხალხის წინააღმდეგ, ჯარი ყველა ქვეყანაში ხალხის მხარეს გადავიდა.

გადამდგარი გენერალი გია უჩავა 22 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციაზე დააკავეს, რამაც მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება გამოიწვია.

შსს–მ 27 მაისს გამოაქვეყნა გია უჩავას აღიარებითი ვიდეო–ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ მაისში რაიონული ორგანიზაციებიდან მიიღეს ინფორმაცია 3582 კაცის შესახებ, რომელიც ფაქტიურად ჩამოყალიბდა „ნახევრად გასამხედროებულ ორგანიზაციად“ და რომლის „შეიარაღებაში შედიოდა ფარები და დროშის ტარები“. მისი თქმით, ბადრი ბიწაძეს ჰქონდა ინიციატივა, რომ გაკეთებულიყო „რაგატკები“ და სასროლად გამოყენებულიყო რკინის ბურთულები, რასაც შეეძლო „ძალიან მძიმე დაზიანება მიეყენებინა ადამიანის სხეულისათვის და აგრეთვე, ზოგ შემთხვევაში ადამიანი დაღუპულიყო კიდევაც“.  მისი თქმით, აქციის წინა დღეებში უკვე საუბარი იყო მოლოტოვის კოქტეილის შექმნაზე.

ჩვენებაში უჩავა ასევე ამბობს, რომ წამოიჭრა საკითხი, რომ საჭირო შემთხვევაში მომხდარიყო შეჭრა ტელევიზიაში და საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც იქნებოდა გამოყენებული მოლოტოვის კოქტეილები მანქანებისა და ტექნიკის დასაწვავად, მაშინ როცა პოლიცია მივიდოდა ამ „დანაშაულის“ აღსაკვეთად.  აქციის მიმდინარეობის დროს, მისი თქმით, ერთ–ერთ ახალგაზრდულ ჯგუფს ჰქონდა დავალება, რომ გაეძარცვათ მაღაზიები  და დაეწვათ მანქანები.

"აქვე მოდის ინფორმაცია, რომ აქციის გარეთ არის შეიარაღებული დაჯგუფება შეიარაღებული ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შემოვა აქციის ტერიტორიაზე ცეცხლს გაუხსნის სამართალდამცავ ორგანოებს,“– აცხადებს უჩავა თავის ჩვენებაში.

მისი თქმით, 21 მაისის ღამიდან "ყველაფრის“ ხელმძღვანელობას "თავის ხელში იღებს“ ბადრი ბიწაძე "აქციის ტერიტორიაზე“.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button