Placeholder canvas
ახალი ამბები

საია: პოლიციამ ‘უხეშად დაარღვია კანონი’ მოშიმშილე ვეტერანების აქციის დაშლისას

მოშიმშილე ვეტერანთა აქციის დაშლის დროს პოლიციამ "უხეშად დაარღვია კანონი“, რადგან მათი პროტესტის შეწყვეტისთვის "არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი“, განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 4 იანვარს და მომხდარის გამოძიებისაკენ მოუწოდა.

3 იანვარს პოლიციამ იძულებით დაშალა ომის ვეტერანთა მიერ 27 დეკემბერს დაწყებული შიმშილობის აქცია და თეთმეტი პირი დააკავა. დაკავებულებს ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.

თუმცა საია–ს განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომელთა ნაწილიც სამოქალაქო ფორმაში იყო ჩაცმული, "ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეებს და აკავებდნენ მოქალაქეებს მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პირების ქმედებაში არ ფიქსირდებოდა დაკავების საფუძველი“, მათ შორის არც სამართალდამცავთათვის წინააღმდეგობის გაწევა.

“ახალგაზრდა იურისტები“ ასევე აღნიშნავენ, რომ ვეტერანთა აქცია "სრულად შეესაბამებოდა“ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონს, რადგან აქციის ორგანიზატორებმა 24 დეკემბერს დედაქალაქის მერიის ადმინისტრაციას წინასწარ შეატყობინეს დაგეგმილი პროტესტის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ "აქციის ფარგლებში არ იგეგმებოდა სავალი ნაწილის ბლოკირება“.

"სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა კანონის მოთხოვნათა დარღვევით და ძალის გადამეტებით დაშალეს 2011 წლის 3 იანვარს გმირთა მოედნის ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია, რაც ერთის მხრივ, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლების უკანონო შეზღუდვას, ხოლო მეორეს მხრივ, კვალიფიცირდება, როგორც უფლებამოსილების გადამეტება და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს,“– აცხადებს საია.

"მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს მთავარ პროკურატურას,  შეისწავლონ და გამოიძიონ 2011 წლის 3 იანვარს ომის ვეტერანთა აქციასთან მიმართებით განვითარებული მოვლენები და დააყენონ იმ პირთა პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხი, რომელთა გადაწყვეტილებითაც მოხდა აქციის დაშლა, ასევე იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა აქციის დაშლაში და გადაამეტეს მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას,“– ნათქვამია განცხადებაში.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button