Placeholder canvas
ახალი ამბები

სააკაშვილი გაეროს ასამბლეაზე ‘ერთიან კავკასიაზე’ საუბრობს

  • აფხაზების და ოსების მისამართით: "ჩვენ დაგიცავთ თქვენ“;
  • მოსკოვის მისამართით: "მიიღეთ მონაწილეობა რეგიონის ტრანსფორმაციაში“;
  • მოსკოვის მისამართით: "ისწავლეთ ჩვენგან, როგორ გარდაქმნათ საზოგადოება“;
  • მსოფლიო ლიდერების მისამართით: "დაგვეხმარეთ მშვიდობის უზრუნველყოფაში“;
  • "მოდერნიზაცია შეუძლებელია მაშინ, როდესაც ხოდორკოვსკი გულაგშია";
  • მოუწოდა სამ ქვეყანას შეცვალონ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება.

მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართავს. 
ფოტო: გაერო

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე გამოსვლა იმისათვის გამოიყენა, რომ როგორც თვითონ აღნიშნა "თავისუფალი, სტაბილური და ერთიანი კავკასიის ხედვა“ წამოეწია წინ და მოეწოდებინა რუსეთისთვის კავკასიის რეგიონის "მიმდინარე ტრანსფორმაციაში“ მიეღო მონაწილეობა.

მისი თქმით, ორი წლის წინ რუსეთის მიერ "სრულმასშტაბიანი შემოჭრის“ შემდეგ "საქართველო დაბრუნდა, როგორც პოლიტიკური რეფორმების და სოციალური ტრანფორმაციის ლაბორატორია“, რომლის ნათელ ამოცანასაც "ლიბერალური დემოკრატიული მართვის უფრო ინსტიტუციონალიზებული სისტემის“ შექმნა წარმოადგენს.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ ორი წლის წინ რუსეთი საქართველოში შემოიჭრა, "განახორციელა ეთნიკური წმენდა საქართველოს რეგიონებში და უკანონოდ მიითვისა ჩვენი ქვეყნის 20%“ და მის მიზანს წარმოადგენდა "დაენგრია საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების ლაბორატორია, ხელი შეეშალა რეგიონში ცვლილებებისათვის“. 

"მაგრამ დღეს ცვლილება შესაძლებელია,“ – განაცხადა სააკაშვილმა, "მეტსაც გეტყვით, ცვლილება უკვე იკიდებს ფეხს“ კავკასიის რეგიონში, რომელიც, მისი თქმით, უკვე ძალიან დიდი ხანია იტანჯება "დანაწევრებით, უსამართლობით, კონფლიქტებით, კოლონიზაციით, შუღლით და ძალადობით.“  მისი თქმით, რეგიონის ხალხი ძალიან ტოლერანტული იყო, მაგრამ მთავრობები და ხელისუფლებები ხელოვნურად ყოფდნენ მათ და "აგებდნენ ისეთ კედლებს, რომლის გადალახვაც არავის არ შეეძლო“. 

"მე დღეს აქ იმისათვის მოვედი, რომ გითხრათ – ეს დრო წარსულს ბარდება და ოცნებას, ერთობასა და მშვიდობას გზა ეხსნება,“ – განაცხადა მან.

"ღრმად მწამს, რომ საერთო ბაზარი, საზიარო ინტერესები, პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება ერთ დღეს გაერთიანებულ კავკასიას დაუდებს საფუძველს. აი, რას მოგიწოდებთ დღეს,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

"ჩვენ შესაძლოა სხვადასხვა სახელმწიფოს შვილები, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის ვიყოთ და ვცხოვრობდეთ მთების სხვადასხვა მხარეს, მაგრამ ადამიანებისა და მათი კულტურების გათვალისწინებით არ არსებობს ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასია. არის მხოლოდ ერთი კავკასია, რომელიც ეკუთვნის მსოფლიო ცივილიზაციას და ეკუთვნის ევროპას. და ჩვენ ქართული გზით ერთ დღეს თავისუფალი ერების ევროპულ ოჯახს შევუერთდებით,“ – განაცხადა მან, "ჩვენი ერთიანობა არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული და და კიდევ ერთხელ, არ ვაპირებთ არანაირი საზღვრების შეცვლას.“

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ "კავკასიის გაერთიანებისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯები“ უნდა დაიწყოს ენერგოსექტორში, განათლებაში, კულტურულ  და სამოქალაქო სფეროებში კონკრეტული პროექტებით.

მან მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას ტრანსფორმაციის პროცესში მიიღოს მონაწილეობა და საკუთარ მეზობლებს მოეპყრას "არა როგორც ვასალებს, არამედ როგორც პარტნიორებს“.

"თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ,“ – განაცხადა მან რუსეთის ხელმძღვანელობის მისამართით, "თქვენ ჩვენი საერთო რეგიონის მიმდინარე ტრანსფორმაციაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა… სხვა შემთხვევაში ეს ტრანსფორმაცია თქვენს გარეშე მოხდება.“

მან ასევე დასძინა, რომ მისი სურვილია იხილოს რუსეთი "როგორც პარტნიორი და არა როგორც მტერი“.

ამის გამო, განაგრძო მან, თბილისმა მხარი დაუჭირა აშშ–ს გადატვირთვის პოლიტიკას და ევროკავშირის რუსეთთან ჩართულობის პოლიტიკას.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა მეტი უნდა იზრუნოს "ცეცხლმოდებულ“ ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონზე, ვიდრე საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაზე ან საქართველოს განვითარებისთვის ძირის გამოთხრაზე.

სააკაშვილმა რუსეთის ხელისუფლება საქართველოში დაპატიჟა, "რათა იხილონ, თუ როგორ იქცა ყოფილი საბჭოთა კავშირის საზოგადოება ევროპულად“.

თავის გამოსვლაში სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ წამოწეულ ბოლო მთავარ თემასაც შეეხო – რუსეთის რესურსებზე დამოკიდებული ეკონომიკის მოდერნიზაცია – და ამ კონტექსტში მან ასევე მოიხსენია კრემლის ბრძოლა ნავთობის მაგნატთან მიხაილ ხოდორკოვსკისთან , რომელიც ამჟამად რვაწლიან სასჯელს იხდის ციხეში და ახალი ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, მას კიდევ 22 წლამდე სასჯელი ემუქრება.

"მოდერნიზაცია თავისუფლების გარეშე არ არის მდგრადი. არ უნდა გქონდეს შენი ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და განვითარების იმედი მაშინ, როდესაც შენს ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს, მიხეილ ხოდორკოვსკის მსგავსად, გულაგში აგზავნი. მხოლოდ კომპიუტერები არ არის საკმარისი. მათ გამოყენებისთვის აუცილებელია თავისუფალი აზროვნება. ამდენად, მოდით, იმისათვის, რომ საერთო მომავალი ავაშენოთ, ჩვენი  საბჭოთა წარსულისაგან გავათავისუფლოთ გონება,“ – განაცხადა მან.

სააკაშვილის გამოსვლას დარბაზში სამი რუსი დიპლომატი უსმენდა.

აფხაზების და სამხრეთ ოსების მისამართით საუბრისას სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს მხოლოდ მშვიდობიანი გზით სურს კონფლიქტების მოგვარება და განაცხადა: "ჩვენ დავიცავთ თქვენს უფლებებს, თქვენს კულტურას, თქვენს ისტორიას“.

"იმის ნაცვლად, რომ რუსეთის იმპერიის ანექსიას გაუძლოთ, მრავალკულტურული და მრავალეთნიკური ერის აშენებას გთავაზობთ, რომელიც ტოლერანტულობისა და პატივისცემის  ნიმუში იქნება მთელ რეგიონში,“ – განაცხადა სააკაშვილმა, "ვოცნებობ იმ დღეზე, როდესაც როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მოქალაქე  გაერთიანებული, დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ევროპული საქართველოს ლიდერი გახდება“. 

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა მოუწოდა ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს შეცვალონ სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება.

"არასდროს არ არის გვიან, რომ დაამარცხო ცუდი პოლიტიკა… წარმოიდგინეთ, რამდენად არასახარბიელო ვითარებაში აღმოჩნდება ეს სამი იზოლირებული მთავრობა შორეული ქვეყნებიდან, თუკი თვით მოსკოვი აღიარებს საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნას ჯარების უკან გაყვანის თაობაზე. ეს დღე აუცილებლად დადგება, ქალბატონებო და ბატონებო!“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთი, რომელსაც "2008 წელს სამხედრო გამარჯვებაზე ქონდა პრეტენზია, ახლა დიპლომატიური და პოლიტიკური მარცხის წინაშე" დგას. 

"ოკუპაცია და ანექსია მოსკოვში მალე გახდება დებატების თემა. არადა, ფაქტობრივად, ეს საკითხები უკვე განიხილება კრემლის კულუარებში,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ის ცვლილებები, რომელსაც საქართველო ახორციელებს, გარდაუვალი იყო და "ეს ცვლილებები განხორციელდება ჩემი პრეზიდენტობისა და ამჟამინდელი მთავრობის პირობებში“. მისი თქმით, ქართველი ხალხი "მთელი ძალით შეეწინააღმდეგება ნებისმიერ მცდელობას, რომ ეს ცვლილებები შემობრუნდეს იმის მიუხედავად, საიდან მოდის ისინი – ქვეყნის შიგნიდან თუ საზღვრებს გარედან“.

სააკაშვილმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს და რეგიონს მშვიდობის უზრუნველყოფაში დაეხმაროს.

"თუკი საერთაშორისო საზოგადოება ღიად დაგვიჭერს მხარს, დარწმუნებული ვარ, კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი/Related

Back to top button