ახალი ამბები

Fitch-მა საქართველოს ‘სტაბილურის’ კატეგორია მიანიჭა

მსოფლიო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა 18 ივლისს განაცხადა, რომ საქართველოს “BB-” რეიტინგი მიანიჭა, რაც გადის კატეგორიაში  – ”სტაბილური”.


პრეზიდენტი სააკაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი მიესალმნენ რეიტინგის შედეგებს, როგორც საქართველოს ეკონომიკური წარმატების აღიარებას.


კომპანია Fitch-ის განცხადებით, რეიტინგი ასახავს სახელმწიფო ვალის შემცირებას, მშპ-ს ტემპის სწრაფ ზრდას, შთამბეჭდავ სტრუქტურულ რეფორმებს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდას და ძლიერ საერთაშორისო ფინანსურ მხარდაჭერას, იტყობინება Thomson Financial-ი.


18 ივლისს მთავრობის სხდომაზე საუბრისას ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა განაცხადა, რომ ეს რეიტინგი იქნება დამატებითი იმპულსი პოტენციური უცხოელი ინვესტორებისთვის. მისი თქმით, ეს ბოლო რეიტინგი გაუმჯობესებულია გასულ ი წლების რეიტინგებთან შედარებით.


2005 წლის დეკემბერში საკრედიტო რეიტინგის სააგენტომ Standard&Poor’s-მა საქართველოს გრძელვადიანი “B+”  და მოკლევადიანი “B”  – ”დადებითი” რეიტინგი მიანიჭა.  


თუმცა, ერთი წლის შემდეგ, 2006 წლის ნოემბერში, Standard&Poor’s-მა შეცვალა თავისი შეხედულება საქართველოზე ”დადებითიდან” ”სტაბილურზე”. რეიტინგის დაქვეითების მოტივად მზარდი გეოპოლიტიკური რისკი, მათ შორის რუსეთთან დაძაბულობა დასახელდა.


ფინანსთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ეკონომიკის და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ”შთამბეჭდავმა” ზრდამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის ზრდაში.


მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვნად შეამცირა უცხოური ვალის მოცულობა. ავსტრიისა და ჩინეთის ვალი ქვეყანამ სრულად დაფარა, ხოლო თურქმენეთის ვალი, რომელიც 393 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, 22 მილიონამდე შეამცირა. ალექსიშვილის თქმით, 2007 წელს უცხოური ვალი ქვეყნის მშპ-ის 17% იქნება.    


მისი თქმით, ახალი რეიტინგი ნიშნავს, რომ საქართველოს კომერციულ ბანკებს ექნებათ შესაძლებლობა უცხოური კაპიტალი დაბალი საპროცენტო განაკვეთებით მოიზიდონ, რაც, თავის მხრივ, იმას გულისხმობს, რომ საქართველოში სესხის აღება უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით გახდება შესაძლებელი.


თუმცა, კომპანია Fitch-ის განცხადებით, საქართველოში შემოსავლების ზომიერი დონე, არსებული საგადამხდელო ბალანსი და შეზღუდული ეკონომიკური ბაზა აფერხებს რეიტინგის ზრდას. კომპანიის თქმით, საქართველოს საგადამხდელო ბალანსის დეფიციტი წელს გაუარესდა და მშპ-ს 20% შეადგინა, როდესაც 2006 წელს ეს მაჩვენებელი 15% იყო. თუმცა, ეს დეფიციტი, სავარაუდოდ, უცხოური პირდაპირი ინვესტიციებისა და გრანტების სახით შემოსული თანხებით დაიფარება, დასძენს Fitch-ი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button