ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონი ‘ალტერნატიული არჩევანის’ წინაშე დგას

12 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ერთდროულად ორი არჩევნები გაიმართება, რომლის შედეგიც შესაძლოა ორი დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევა ანუ ორხელისუფლებიანობა გახდეს ამ პატარა რეგიონში. 


სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი ლიდერი ედუარდ კოკოითი 12 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, ხელმეორედ იქნება არჩეული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტად, სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და კოკოითის მეტოქე დიმიტრი სანაკოევი კი სამხრეთ ოსეთის მეორე პრეზიდენტი გახდება “ალტერნატიული“ არჩევნების გზით, რომელიც, მიჩნეულია, რომ თბილისის მხარდაჭერით იმართება. 


თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ყველა წინა არჩევნები, საპრეზიდენტოც და საპარლამენტოც, მხოლოდ ცხინვალს და სეპარატისტული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად სოფლებს მოიცავდა. იგივე მოხდება 12 ნოემბერსაც.


ეთნიკური ოსების მიერ ჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაცია “ოსების ხსნის კავშირის“ მიერ ორგანიზებული ალტერნატიული არჩევნები ძირითადად სამხრეთ ოსეთის იმ სოფლებში ჩატარდება, რომლებიც თბილისის კონტროლს ექვემდებარება. ზოგიერთ ამ სოფელში შერეული ქართულ-ოსური მოსახლეობა ცხოვრობს. ალტერნატიული არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისია ქართულ სოფელ ერედვშია განთავსებული.


თბილისი ცდილობს თავი შორს დაიჭიროს ე.წ. ალტერნატიული არჩევნებისგან და აცხადებს, რომ ეს ისეთივე უკანონოა, როგორც სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები.


“მაგრამ საქართველოს ხელისუფლება ამ ალტერნატიულ არჩევნებს რაიმე დაბრკოლებას არ შეუქმნის“,  -განაცხადა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.


თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას: ედუარდ კოკოითი, ოლეგ გაბოძე, ინალ ფუხაევი და ლეონიდ თიბილოვი. ორი უკანასკნელი კოკოითის მთავრობის წარმომადგენლები არიან, ხოლო გაბოძის შესახებ ინფორმაცია მიუწვდომელია. არსებობს მოსაზრება, რომ კოკოითის სურვილით მონაწილეობენ მისი კონკურენტები არჩევნებში, რათა არჩევნებს შეჯიბრის სახე მიეცეს.    


ალტერნატიულ არჩევნებში კი ხუთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას: მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი, გიორგი ჩიგოევი, თეიმურაზ ჯერაგოევი, თამარ ჩარაევა და დიმიტრი სანაკოევი. ყველა ნიშანი მეტყველებს იმაზე, რომ ეს უკანასკნელი თბილისის ფავორიტია.


კერძოდ, სანაკოევის ყველა წინასაარჩევნო ღონისძიებას, ძირითადად მის შეხვედრებს კონფლიქტის ზონის თბილისის მიერ კონტროლირებადი სოფლების მოსახლეობასთან, ფართოდ აშუქებენ საქართველოს წამყვანი ტელეკომპანიები. სანაკოევის შესახებ რეპორტაჟები, სადაც ჩანდა, თუ როგორ გადაადგილდებოდა ძვირადღირებული მანქანით და კარგად შეიარაღებული დაცვის თანხლებით სანაკოევი ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებში შემოვლითი გზებით, ქართული ტელე–სიახლეების ერთ–ერთი წამყვანი თემა იყო. სიუჟეტები სანაკოევის წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ ასევე ორმა პოპულარულმა საკვირაო პროგრამამ გადასცა “იმედისა“ და “რუსთავი 2“-ის ეთერში.

თბილისში განთავსებული რუსულენოვანი ტელეკომპანიის “ალანიას” ეთერში ხშირად გადის სანაკოევის პოლიტიკური სარეკლამო რგოლები, რომელიც მოუწოდებს მოსახლეობას 12 ნოემბერს შემოხაზონ ნომერი 5 საარჩევნო ბიულეტენში. საქართველოში ბოლო დროს ჩატარებულ ყველა არჩევნებში 5 ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერი იყო. 


37 წლის დიმიტრი სანაკოევი თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი და შემდეგ კი პრემიერ-მინისტრი 2001 წელს მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში იყო, მაშინდელი ლიდერის ლუდვიგ ჩიბიროვის მთავრობაში. მაგრამ 2001 წლის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში ედუარდ კოკოითის მოსვლის შემდეგ სანაკოევი რუსეთში წავიდა.


2001 წლის ივნისში ჩიბიროვმა სანაკოევი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დააწინაურა. რუსული პრესა წერდა, რომ სანაკოევს დიდ პატივს სცემდნენ  სამხრეთ ოსეთში იმის გამო, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ქართველების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობდა.  


“ოსმა ხალხმა უნდა გაიროს თავისი გზა დამოუკიდებლობისაკენ. დამოუკიდებლობა არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა ხალხს შესწევს უნარი თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრები“, – განაცხადა სანაკოევმა ერთ-ერთ შეხვედრაზე ამომრჩევლებთან. თავის გამოსვლებში სანაკოევი აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ კოკოითის რეჟიმი ძალაუფლებას მოსახლეობის დატერორების გზით ინარჩუნებს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას აწუხებს ის ფაქტი, რომ ალტერნატიული არჩევნები შესაძლოა მათ მთავარ თავის ტკივილად იქცეს, რადგანაც ამ არჩევნებმა შეიძლება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე თბილისის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის შექმნა გამოიწვიოს – რომელიც ზემო აფაზეთში არსებულის ანალოგიური იქნება.


ედუარდ კოკოითმა ბოლო დროს რამდენჯერმე განაცხადა, რომ თბილისის მიერ მხარდაჭერილი ალტერნატიული არჩევნები “ოსი ხალხის გახლეჩას“ ისახავს მიზნად.


დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ასევე ისმის ურთიერთბრალდებები 12 ნოემბერისთვის დაეგმილი პროვოკაციების თაობაზე. სეპარატისტული ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართული მხარე არჩევნების ჩაშლის მიზნით ტერაქტებს გეგმავს. ანალოგიური ბრალდებებით გამოდიან “ოსების ხსნის კავშირის” აქტივისტებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ კოკოითის რეჟიმი თავად მოაწყობს არეულობებს და აფეთქებებს საარჩევნო უბნებზე, რათა შემდეგ ამაში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულოს.   



 

მსგავსი/Related

Back to top button