მოსკოვი და სოხუმი კოდორში დიპლომატების ‘ექსკურსიის’ წინააღმდეგ გამოდიან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 26 სექტემბერს განაცხადა, რომ თბილისის გეგმები კოდორის ხეობაში ჩაიყვანოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, “საშიშია და არადროული“.


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ზემო აფხაზეთში/კოდორის ხეობა ჩასვლას სექტემბრის ბოლოს გეგმავს. სავარაუდოდ, მასთან ერთად კოდორში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც მოინახულებენ, რაც 25 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.

“ეს მთლიანად შეესაბამება ოფიციალური თბილისის კურსს, რომელიც მიმართულია ზემო კოდორის ხეობაში ქართული სამხედრო ფორმირებების შეჭრის შემდეგ არსებული სიტუაციის ლეგიტიმაციაზე. ცხადია, რომ არაფერს, გარდა ნერვული ფონისა და აფხაზურ–ქართული ურთიერთობების გამწვავებისა, ასეთი ქმედებები არ მოიტანს. თუმცა, მგონი ამაზე აკეთებენ გათვლებს თბილისში?“, – აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.


მოსკოვი მთავარ ამოცანად მიიჩნევს კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენას, რასაც “ხელს შეუწყობს“ თბილისსა და სოხუმს შორის ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმების მიღწევა და კოდორის ხეობიდან “ქართული სამხედრო ფორმირებების” გაყვანა.

თბილისი აცხადებს, რომ კოდორის ხეობაში საპოლიციო ძალებია განთავსებული.


“კვლავაც მივიჩნევთ, რომ ამ ეტაპზე საჭიროა არა დიპლომატების “ექსკურსიები“ კოდორში, არამედ სერიოზული, პროფესიონალური მონიტორინგის ჩატარება გაეროს სადამკვირვებლო მისიისა და დსთ–ს სამშვიდობო ძალების მონაწილეობით“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ინფორმაციაში.


ამავე ინფორმაციით, თბილისმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები კოდორის ხეობაში 27 სექტემბრისთვის მიიწვია.


რუსეთის პოზიციას სრულად ემთხვევა სოხუმის რეაქცია ამ საკითხზე. თვითგამოცხადებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის გეგმები ზემო კოდორის ხეობას საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად ეწვიოს, თბილსის “მორიგი პროვოკაციაა“.


“ჩვენ კატეგორიულად არ ვურჩევთ არავის ეწვიოს ზემო კოდორის ხეობას. ეს განსაკუთრებით საერთაშორისო დამკვირვებლებს ეხებათ“, – იუწყება “აფსნიპრესი“ 26 სექტემბერს შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.



 


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version