ახალი ამბები

პარლამენტი ‘პოლიტიკური ექსტრემიზმის’ წინააღმდეგ კანონზე მუშაობას იწყებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელზეც დეპუტატები უკვე მუშაობენ, მიზნად ისახავს შეიარაღებული ამბოხების პოლიტიკური მხარდაჭერის აკრძალვას.


“პოლიტიკური იდეებისათვის არავინ არ აპირებს სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებას, აქ საუბარია აქტიურ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე იმ შეიარაღებული ამბოხების, რომელიც თეორიაში შეიძლება განხორციელდეს ქვეყანაში“, – განუცხადა 31 ივლისს ლევან ბეჟაშვილმა “რუსთავი 2“–ს.


ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, პოლიტიკურ მხარდაჭერაში იგულისხმება კონსტიტუციური წყობილების დამხობისაკენ მოწოდება, აქციების და მიტინგების გამართვა თუ სხვა ქმედებები, რომელიც “მიზნად ისახავს შეიარაღებული ამბოხის პოლიტიკურ გამართლებას“. 


ხელისუფლების ახალი ინიციატივის შესახებ, რომლის ანალოგიურიც არსებობს აშშ–ი “პატრიოტული აქტის” სახით და ასევე ისრაელის სახელმწიფოში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა ნიკა გვარამიამ პირველი განცხადება 29 ივლისს გააკეთა.


ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგება, სავარაუდოდ პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე იქნება განხილული.


ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე დაგმო ეს წინადადება.


“ისინი ძალიან წარმატებით ჩაატარებენ პიარ კამპანიას, რომ შალვა ნათელაშვილი და დავით გამყრელიძე არიან ხალხის მტრები. ამ იარლიყით მათ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც აღძრან მათ წინააღმდეგ”, – განაცხადა ახალი მემარჯვენეების წევრმა მანანა ნაჭყებიამ 31 ივლისს.


“ჩემს მიმართ სპეციალურად მზადდება კანონი. თითოეული განცხადება, გაჟღერებული ლეიბორისტული პარტიიდან გახდება დაჭერადი და დასჯადი”, – განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.


ლეიბორისტული პარტიის და ახალი მემარჯვენეების ლიდერებმა მკაცრად დაგმეს კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის წინააღმდეგ განხორციელებული ოპერაცია.


ოპოზიციური პარტიის  – წინ, საქართველოს ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი 29 ივლისს დააპატიმრეს და  ემზარ კვიციანის ამბოხის ინტელექტუალური მხარდაჭერისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებები წაუყენეს.     


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button