ახალი ამბები

ბურჯანაძე რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებზე ‘მორატორიუმს’ წყვეტს

პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 19 ივნისს “რია ნოვოსტი“–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი ხსნის მორატორიუმს, რომელიც სააკაშვილი–პუტინის შეხვედრის წინ ორი ქვეყნის ურთიერთობებზე მკვეთრი განცხადებებისაგან თავშეკავებას გულისხმობდა.


“ამ საკითხებზე აზრის გამოხატვისაგან თავის მუდმივად შეკავებას ვერ შევძლებთ, მაგრამ მოვახერხებთ ამ დიალოგში ტემპერატურის დაწევას. საქართველომ და რუსეთმა უნდა გააგრძელონ ურთიერთკრიტიკა, მაგრამ დიპლომატიურ ჩარჩოებში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე.


მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხრიდან რუსეთ–საქართველოს პარლამენტთაშორისი ურთიერთობების გააქტიურების სურვილი არსებობს, თუმცა რუსეთის სათათბიროს სპიკერი ბორის გრიზლოვი “ნებისმიერ წინადადებას ჯერ–ჯერობით უარით პასუხობს“.


თუმცა ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ კავკასიური “ოთხეულის” შეხვედრის ფარგლებში, რომლის გამართვის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია,  თბილისს აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან ერთად რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი სერგეი მირონოვიც ეწვევა, რომელთანაც “ჩვენ ნორმალური ურთიერთობები აგვეწყო“.


 

მსგავსი/Related

Back to top button