Placeholder canvas
ახალი ამბები

ბაბურინი ‘ანტისუამს’ უწოდებს სოხუმი–ცხინვალი–ტირასპოლის ახლადშექმნილ თანამეგობრობას

რუსეთის სათათბიროს ვიცე–სპიკერმა სერგეი ბაბურინმა თვითგამოცხადებული აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის მიერ დაფუძნებულ დემოკრატიისა და ხალხთა უფლებების დაცვის თანამეგობრობას ‘ანტი–სუამი’ უწოდა, იუწყება “აფსნიპრესი“ 14 ივნისს.


ე.წ თანამეგობრობის სუბიექტები სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) წევრი ქვეყნების  – საქართველოსა და მოლდავას თვითგამოცხადებული რეგიონებია.


სათათბიროს ვიცე–სპიკერმა მონაწილეობა მიიღო სამი თვითგამოცხადებული რეგიონის ლიდერთა სამიტში, რომელიც სოხუმში 14 ივნისს გაიმართა და რომელიც რუსი სამშვიდობოების შესახებ ერთობლივი განცხადებისა და ასევე თანამშრომლობის დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდა.


ბაბურინი მიესალმა ასევე სეპარატისტების მიერ ერთობლივი სამშვიდობო ძალების შექმნის გადაწყვეტილებას.


“ბოლო დროს შექმნილმა აჟიოტაჟმა კონფლიქტის ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანასთან დაკავშირებით ბიძგი მისცა გაერთიანებული სამშვიდობო კონტიგენტის შექმნას“, – განაცხადა სოხუმში 14 ივნისს ბაბურინმა და აქვე დასძინა, რომ ამან “ცხელი თავების” დაწყნარებას უნდა შეუწყოს ხელი “არა მხოლოდ თბილისსა და კიშინეუში, არამედ ვაშინგტონშიც“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button