ახალი ამბები

პატარკაციშვილი მთავრობას ‘კონსტრუქციულად’ აკრიტიკებს და დიალოგს სთავაზობს

გავლენიანმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა 29 მარტს განაცხადა, რომ იგი ჩუმად ყოფნას აღარ აპირებს და ხელისუფლება ბიზნესისთვის ე.წ. სამართალდამცავი სისტემის განვითარების ფონდებისთვის თანხების გამოძალვის გამო გააკრიტიკა.


“ბოლო ცხრა თვის განმავლობაში მე ველოდი, რომ ხელისუფლება შეცვლიდა თავის მოქმედების მეთოდს. ველოდი და ვდუმდი, მაგრამ დუმილი უკვე დანაშაული გახდა“, – განაცხადა პატარკაციშვილმა.


“ვარდების რეცოლუციიდან“ ცოტა ხნის შემდეგ ქვეყანაში შეიქმნა არმიის განვითარების და სამართალდამცავი ორგანოების განვითარების ფონდები, რომელთა მიზანსაც, ხელისუფლების თქმით, წარმოადგენდა შემოწირულობების შეგროვება “პატრიოტი ბიზნესმენებისგან“ ქვეყნის შეიარაღებული ძალების და სამართალდამცავი ორგანოების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. ხელისუფლების თქმით, ეს ფონდები 2006 წლის დასაწყისში გაუქმდა.


საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის შეხვედაზე გამოსვლისას ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მასაც ასევე მოუხდა “უჩვეულო ნაბიჯების“ გადადგმა ამ ფონდებში ფულის გადარიცხვით. 


“მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არსებობდა რამოდენიმე ფონდი, რომლებშიც იხდიდნენ გარკვეულ თანხებს. ერთ-ერთი ასეთი ფონდი იყო პროკურატურასთან არსებული ფონდი, რომელშიც გადახდილია არც ბევრი, არც ცოტა 160 მლნ ლარი… ეს ფონდი იღებდა თანხებს, რომლებიც ბიუჯეტში უნდა შესულიყო და თითქმის არ დარჩა ბიზნესი, რომელმაც არ იწვნია ეს… მე მიმაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი ის საკითხი, რომელზეც საზოგადოებამ უნდა გაიგოს სიმართლე აუცილებლად და პირველ რიგში იმ ბიზნესმენებმა, რომლებმაც ამ ფონდში სხვადასხვა საშუალებებით გადაიხადეს თანხები, ზოგმა მანქანების, ზოგმა აქციების, ზოგმა ნაღდი ფულის სახით“, – განაცხადა პატარკაციშვილმა.


“მე მგონია, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ აუცილებლად ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იღებდნენ ჩვენგან ამ ფულს, ვინ განკარგავდა ამას და სად წავიდა საბოლოო ჯამში ეს თანხები. სამწუხაროდ, იმ ორგანოებს, რომელთაც ევალებათ სახელმწიფო ან კერძო სტრუქტურების შემოწმება, არ აქვთ უფლება, რომ ამ ფონდის საქმიანობა შეამოწმონ, იმიტომ რომ ეს არც სახელმწიფო და არც კერძო სტრუქტურაა“, – დასძინა პატარკაციშვილმა.


მან ასევე განაცხადა, რომ არ სურს ხელისუფლებამ მისი გამოსვლა  “არაკეთილმოსურნე“ პოზიციიდან მიიღოს.


“მე მინდა ვთხოვო ხელისუფლებას, ნუ შექმნიან ჩემგან მტრის ხატს. არც ის მინდა, რომ ჩემმა დღეს გამოთქმულმა გულისტკივილმა გამოიწვიოს ხელისუფლების მხრიდან პოლემიკა, რაც ჩემს არაკეთილმოსურნეებს მისცემს საბაბს, რომ ჩვენ ერთი მიზნისკენ მიმავალ ადამიანთა ჯგუფში, რომელშიც სხვათაშორის მე ვაერთიანებ ყველა შტოს საქართველოში, პოზიცია იქნება თუ ოპოზიცია, ბიზნესმენები თუ ა.შ. არ გაჩნდეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ გაჩნდა ბზარი ჩვენს დამოკიდებულებებში… უბრალოდ მსურს, რომ მიზნები რომლებიც ერთობლივად დავსახეთ უკეთესი მომავლისაკენ უფრო მოქნილი და ადეკვატური ფორმებით ხორციელდებოდეს, რაც საბოლოო ჯამში თანამედროვე დასავლური ტიპის ურთიერთობების და მენტალიტეტის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რაც სწარფად დაგვაახლოვებს ევროატლანტიკურ ძირითად პრინციპებსა და პოსტულატებს“, – განაცხადა პატარკაციშვილმა.

თავის გამოსვლაში ბადრი პატარკაციშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი “კონსტრუქციულია“ თავის კრიტიკაში და შეუძლია ასევე აღნიშნოს ის პროგრესიც, რომელიც, მისი თქმით, მთავრობის ეფექტური პოლიტიკის შედეგად გახდა შესაძლებელი.   


“ამას წინათ ვიყავი აჭარაში. თუკი ჩვენ სადმე შეგვიძლია ვნახოთ, თუ რას მიაღწია ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მოკლე ხანში, ეს რა თქმა უნდა აჭარის რეგიონზე შეიძლება ითქვას … სადაც მიმდინარეობს სერიოზული სამშენებლო სამუშაოები. თუ ამ მოდელით განვითარდება საქართველო, რა თქმა უნდა, ეს დიდი და ლამაზი ქვეყანა იქნება სულ მოკლე ხანში“, – განაცხადა მან. 


“მე მინდა ვურჩიო ხელისუფლებას და ვთხოვო, რომ იქნება განვაახლოთ დიალოგი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის,  რადგან ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც რეალურად მზად ვართ ყველაფერში მხარი დავუჭიროთ ხელისუფლებას, თუ რა თქმა უნდა ჩვენს აზრებს გაითვალისწინებენ. თუ რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიქნებით ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ უნდა დაგვმწყემსონ, თუ ჩვენ ვიქნებით ადამიანები, რომელთა რეკომენდაციებსაც ხელისუფლება გაითვალისწინებს“, – განაცხადა პატარკაციშვილმა.    

მსგავსი/Related

Back to top button