ოპოზიცია სამშვიდობოებზე ხელისუფლების ‘ორჭოფულ’ პოზიციაზე საუბრობს

საპარლამენტო ფრაქციების “მემარჯვენე ოპოზიციის“ და “დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლების განცხადებით, ხელისუფლება ქართულ ოსური კონფლიქტის ზონიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას არ ცდილობს.
 
“მემარჯვენე ოპოზიციის“ ლიდერის დავით გამყრელიძის თქმით, ხელისუფლება “არ აპირებს სამშვიდობოების გაყვანას“, ხოლო “დემოკრატიული ფრონტის“ ლიდერი დავით ზურაბიშვილი შეშფოთებულია “მთავრობის ორჭოფობით“. 
 
“პრეზიდნეტი [მიხეილ] სააკაშვილი და მთავრობა არ აპირებს სამშვიდობოების გაყვანას და პარლამენტი 15 თებერვალს მიიღებს დადგენილებას, სადაც დააფიქსირებს  [სამშვიდობოების] გაყვანის გადაწყვეტილებას, მაგრამ ყოველგვარი ვადის და კონკრეტიკის გარეშე, რაც შემდგომ იქნება პასუხისმგებლობის მოხსნის საშუალება მთავრობისთვის და ამ დადგენილების არ შესრულება“, – განაცხადა დღეს “ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ. 
 
“შეშფოთებას იწვევს პრემიერ-მინისტრის [ზურაბ ნოღაიდელი] და მთავრობის წევრების ორჭოფობა სამშვიდობოების გაყვანის საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა “დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარემ დავით ზურაბიშვილმა. 
 
დავით გამყრელიძის განცხადებით, სამშვიდობოების გაყვანის შესახებ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები იქნება  საზოგადოებრივი აზრის მომზადება იმისთვის, რომ გაყვანის პროცესს ხანგრძლივი პერიოდი დასჭირდება.

Exit mobile version