Placeholder canvas
ახალი ამბები

“აღორძინებას’ საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია

(თბილისი, 24 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – საპარლამენტო ფრაქცია “დემოკრატიული აღორძინების” თავმჯდომარე ჯემალ გოგიტიძე პარლამენტის მიერ 24 ივლისს საარჩენო კოდექსის ე.წ. “ბეიკერის პროექტის” მიხედვით დამტკიცების შემდეგ უაზრობად მიიჩნევს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

“ეს პროექტი ჩვენთვის მიუღებელია და ბეიკერის კი არა, შევარდნაძის პროექტია. ჩვენს პარტიას ზუსტად არ აქვს გადაწყვეტილი, გამოუცხადებს თუ არა არჩევნებს ბოიკოტს, თუმცა ბოიკოტი არა ბათუმიდან, არამედ თბილისიდან დაიწყება”, – აცხადებს ჯემალ გოგიტიძე.

მისი თქმით, აღორძინება საკუთარ პოზიციას არჩევნების ბოიკოტირების შესახებ უახლოეს პერიოდში პარტიის შეკრებაზე დააფიქსირებს.

მცხუნვარე დისკუსიების შემდეგ, რომლებიც გვიან ღამემდე გაგრძელდა, პარლამენტის საგანგებო სხდომამ 24 ივლისს ღამის პირველი საათისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი დაამტკიცა, რომელიც აშშ-ის მიერ შემოთავაზებული საარჩევნო რეკომენდაციებს ემყარება.

ამერიკული ადმინისტრაციის რეკომენდაციების თანახმად, ცსკო-ში სახელისუფლებო პარტიების ხუთი და ოპოზიციური პარტიების ცხრა წარმომადგენელი უნდა შევიდეს. კომისიის თავჯდომარეს ეუთო დანიშნავს. თითოეულ ოპოზიციურ პარტიას ერთი წარმომადგენელი ეყოლება კომისიაში.

“აღორძინებისა” და “მრეწველთა” ფრაქციებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ისინი შემოთავაზებული წინადადების წინააღმდეგ წავიდნენ, რადგან, შესაბამისად, ოთხ და ორ ადგილს მოითხოვდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. “აღორძინება” არჩევნებისთვის ბოიკოტის გამოცხადებით იმუქრებოდა, თუ მათი მოთხოვნა არ იქნებოდა გათვალისწინებული.

მსგავსი/Related

Back to top button