ახალი ამბები

‘ეი-ი-ესი’ უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს

ქართულ-ამერიკული ენერგოგამანაწილებელი კომპანია “ეი-ი-ეს თელასის” გენერალური დირექტორი იგნასიო ირიბარენი 9 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს პირისპირ შეხვდა და დამნაშავეებისგან მისი კომპანიის დაცვა მოითხოვა.

ბოლო ორ კვირაში “ეი-ი-ეს თელასის” ოფისებზე 2 თავდასხმა განხორციელდა. 14 აგვისტოს დილით კი მშობლების სახლში მოკლული იპოვეს კომპანიის ფინანსური მენეჯერი ნიკა ლომინაძე, რომელსაც თავში ერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. იგნასიო ირიბარენის ინფორმაციით, 8 სექტემბერს “ეი-ი-ეს თელასმა” რუსულად დაწერილი მუქარის წერილიც მიიღო. ანონიმი კომპანიას პრობლემების შექმნით დაემუქრა, თუ ის საქართველოს არ დატოვებდა. “ეი-ი-ეს თელასის” გარშემო შექმნილმა მდგომარეობამ ამერიკულ კომპანიაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. 20 აგვისტოს თბილსს ეწვია “ეი-ი-ეს”-ის ვიცე-პრეზიდენტი გარი ლევესლი, რომლის ინფორმაციითაც, ფინასური დირექტორის მკვლელობის გამოძიებაში შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთვებოდა.

“ეი-ი-ეს თელასის” ლობისტის ირაკლი მელაშვილის განცხადებით, ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ განხორციელებული შეტევები “ეი-ი-ეს”-ის შევიწროებისკენ “მიზანმიმართულ ქმედებებს წარმოადგენს.” კომპანიის ხელმძღვანელობა ნიკა ლომინაძის მკვლელობასაც დაკვეთილად მიიჩნევს და მის სამსახურეობრივ საქმეს უკავშირებს. “თელასის თანამშრომელთა წინააღმდეგ განხორციელებულ შეტევებში თავად პოლიციის თანამშრომლებიც მონაწილეობდენენ,” – აცხადებს ირაკლი მელაშვილი. თუმცა, შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ “ეი-ი-ეს თელასის” ხელმძღვანელობას ამ დანაშაულებებში პოლიციის მამხილებელი ფაქტები არ აქვს.

შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის პაატა გომელაურის თქმით, კობა ნარჩემაშვილმა იგნასიო ირიბარენს ნიკა ლომინაძის მკვლელობის ფაქტის უახლოეს დროში გახსნის იმედი მისცა. ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნებისმიერი კრიმინალური პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში კომპანია მინისტრთან პირდაპირ კავშირს დაამყარებდა.

სამართალდამცავებმა “ეი-ი-ეს თელასთან” დაკავშირებულ 15 დანაშაულზე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. ამასთან, შს სამინისტროდან იტყობინებიან, რომ კომპანიას ერთი ფაქტის გარდა, რომელიც ლომინაძის მკვლელობას ეხებოდა, მომხდარი დანაშაულებების შესახებ პოლიციისთვის არ მიუმართავს.

“ეი-ი-ეს”-ის წინააღმდეგ კამპანია საქართველოში მისი შემოსვლისთანავე დაიწყო. 1999 წლის 5 იანვრიდან ამერიკულმა კომპანიამ 99 წლით იჯარით აიღო თბილისის ელექტროგამანაწილებელი სამსახური “თელასი”, მოგვიანებით კი – გარდაბნის ელექტრობლოკები, შექმნა ახალი კომპანია “ეი-ი-ეს მტკვარი”. მის გრძელვადიან ინტერესებშია თბილისის გაზმომარაგების სისტემაში ჩართვაც. მრავალი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებას სტრატეგიული დანიშნულების ”თელასის” უცხოელი ინვესტორისათვის გადაცემას აკრიტიკებდა.

“ეი-ი-ეს თელასის” წინააღმდეგ უკმაყოფილება კი მას შემდეგ გაიზარდა, რაც კომპანიამ თბილისში ელექტროენერგიის ტარიფი 4-ჯერ გაიზარდა. ტარიფის 1,3 თეთრით (0,6 ცენტი) გაზრდის შესახებ ბოლო გადაწყვეტილება კომპანიამ ელექტროენერგიის მარეგულირებელი ეროვნული კომიისის თანხმობით 13 აგვისტოს მიიღო. მართალია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეს დადგენილება ხარვეზების გამო რეგისტრაციაში არ გაუტარებია, მაგრამ ფასის მეოთხედ მომატების გადაწყვეტილებას მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციები საპროტესტო აქციებით შეხვდნენ. ხოლო “ეი-ი-ეს თელასის” ოფისებზე თავდასხმა ამის შემდეგ გახშირდა.

გოგა ჩანადირი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button