კვირიკაშვილი მოლდოველ კოლეგას შეხვდა


საქართველოსა და მოლდოვის დელეგაციების შეხვედრა კიევში, 27 მარტი, 2017. ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 27 მარტს, კიევში გამართული სუამის სამიტის ფარგლებში, მოლდოველ კოლეგას პაველ ფილიპს შეხვდა და ქვეყნებს შორის ორმხრივ დონეზე არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პაველ ფილიპი მიესალმა ევროკავშირთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულებას და აღნიშნა, რომ ეს არის „ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი“.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ „მჭიდრო თანამშრომლობას“ ევროპული ინტეგრაციის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების პროცესში.

ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრებმა მოლდოვა-საქართველოს სამთავრობოთაშორისი კომისიის შეხვედრა გამოყვეს, რომელიც თბილისში 27-28 აპრილს გაიმართება.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა იმპულსს მისცემს თანამშრომლობის განვითარებას ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროში, ხოლო მოლდოვასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავება ორივე ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას დააჩქარებს“, – განაცხადა პაველ ფილიპმა.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პაველ ფილიპი მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სფეროებში, ასევე ენერგეტიკის, ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვაში საქართველოს პრაქტიკის გაზიარებით დაინტერესდა.

შეხვედრაზე მხარეებმა თავიანთი კონფლიქტური რეგიონების შესახებაც ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პაველ ფილიპმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ ძლიერი მხარდაჭერა გამოხატა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version