უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროპულ ამბიციებს აძლიერებს

„ჩვენი ამბიციაა, საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ 27 მარტს, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე გამართულ ბრიფინგზე.

„ამ პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის კი, ჩვენ გვჭირდება რომ ქვეყანა მაქსიმალურად მოემზადოს პრაქტიკული თვალსაზრისით – დანერგოს ევროკავშირის სტანდარტები და მაქსიმალურად დაუახლოვდეს  ევროკავშირს“, – ჯანელიძემ განმარტა.

„ეს შესაძლებელია მხოლოდ კომპლექსური და ყოვლისმომცველი ხედვისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებით“, – აღნიშნა ჯანელიძემ და დასძინა, რომ მთავრობას აქვს გეგმა და „ძალისხმევას არ დაიშურებს“ მის განსახორციელებლად.

საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რომ მთავრობის გეგმა ექვს ძირითად სფეროს ეფუძნება. ესენია:

– ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების წარმატებით განხორციელება;
– ევროკავშირის სპეციალიზირებულ სააგენტოებთან მაქსიმალური ინტეგრაცია;
– ევროკავშირის მოქმედ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტურობის გაზრდა;
– ევროკავშირის სტრუქტურებთან მოლაპარაკებების სტადიიდან თანამშრომლობის სტადიაზე გადასვლა, რაც გულისხმობს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან საქართველოს სტრუქტურების რეგულარულ დიალოგს სექტორალური პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების საკითხებზე;
– თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაღრმავებული დიალოგი;
– პოლიტიკურ, საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ინტეგრაციასთან ერთად, მოხდეს ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირის შიდა ბაზართან, რაც გულისხმობს სატრანსპორტო, ენერგეტიკულ და საკომუნიკაციო ინტეგრაციას.

„ევროკავშირსა და საქართველოს შორის განვითარებული თანამშრომლობა ცხადყოფს, რომ ევროკავშირის და საქართველოს ინტერესები სინქრონიზებულია და ეფუძნება საერთო ღირებულებებს, რაც საფუძველია იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, – დასძინა ჯანელიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური)

Exit mobile version