საგარეო საქმეთა სამინისტრო: ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის ‘უგულებელყოფაა’

რუსეთის ფედერაციამ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის „უკანონო ოკუპაციით და ანექსიით“ სრულად უგულებელყო „უკრაინის კანონმდებლობა და კონსტიტუცია ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 მარტს ყირიმის ანექსიის სამი წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას, რაც ჩვენს ქვეყანას საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„ოკუპაციისა და ანექსიის ეს პრაქტიკა ძირს უთხრის დამკვიდრებულ საერთაშორისო წესრიგს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“, – აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.

სამინისტრომ კიდევ ერთხელ გამოხატა „მტკიცე მხარდაჭერა“ უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ  მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე, კონსოლიდირებული პოზიციია, რადგან  „წინ აღვუდგეთ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედებით შევძლოთ მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადგილზე“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version