ქართულმა ოცნებამ საარჩევნო პერიოდში „უპრეცედენტო“ რაოდენობის შემოწირულობა მიიღო

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 10 მარტს ანგარიში გამოქვეყნა სახელწოდებით „საარჩევნო კამპანიის დაფინანსება საქართველოში“, სადაც დეტალურადაა აღწერილი იმ 16 პარტიის და საარჩევნო ბლოკის ფინანსური ხარჯები და დაფინანსების წყაროები, რომლებიც სახელმწიფოსგან ფინანსდებიან და 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.

საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2016 წლის 8 ივნისიდან 16 ნოემბრამდე, არჩევნების წინა და შემდგომ, პერიოდს.

პარტიების დაფინანსება მოიცავს სახელმწიფო დაფინანსებას, რაც ბოლო არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული, კერძო შემოწირულობებს და საბანკო სესხებს.

ანგარიშის თანახმად, საარჩევნო პერიოდში კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა სულ 32 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი 21.31 მილიონი ლარი ქართულმა ოცნებამ მიიღო; შემდეგ მოდის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2.8 მილიონი ლარით; მესამეზე კი საქართველოს პატრიოტთა ალიანსია 1.7 მილიონი ლარით.

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების მიერ მიღებული შემოსავალი შვიდჯერ აღემატება მეორე ადგილზე გასულ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემოსავლებს და თითქმის ორჯერ აღემატება სხვა კვალიფიციური პარტიების ერთად აღებულ შემოსავლებს“, რაც „უპრეცედენტო“ სხვაობაა.

კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა მთლიანობაში 21.7 მილიონი ლარის კერძო შემოწირულება მიიღეს. ამ თანხის უდიდესი ნაწილი 19.2 მილიონი ლარის მმართველმა პარტიამ მიიღო; შემდეგ მოდის საქართველოს პატრიოტთა ალიანსი 998 001 ლარით, მესამეზე კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა 972 764 ლარით.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიტიკური პარტიების ანგარიშგებების სრულყოფილად შევსება „მნიშვნელოვან პრობლემად“ რჩება.

„დეკლარაციების აბსოლუტური უმრავლესობა არასრულად და არაერთგვაროვნად არის შევსებული. ანგარიშგებების ბევრ ველში სავალდებულო ინფორმაცია საერთოდ არ არის მითითებული“, – ნათქვამია ანგარიშში.

Exit mobile version