სეპარატისტულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა

სეპარატისტული აფხაზეთის ამომრჩევლებმა 12 მარტს რეგიონის 35-წევრიანი პარლამენტის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.
დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატები ხუთწლიანი ვადით მაჟორიტარული სისტემით აირჩევიან ერთმანდატიან ოლქებში.

სეპარატისტული რეგიონის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, არჩევნებისთვის 131 523 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ეს მაჩვენებელი 2011 წლის საპრეზიდენტო და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაკლებია, ვინაიდან გალის რაიონის მკვიდრი ათასობით ეთნიკური ქართველი ამომრჩეველთა სიიდან ამოიღეს.
დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში სულ 137 კანდიდატი მონაწილეობდა; მათგან მხოლოდ 24 იყო წარდგენილი შემდეგი პოლიტიკური პარტიების მიერ: აინარი (8), ამცახარა (7), აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი (6) და აფხაზეთის სახალხო ფრონტი  სამართლიანობისა და განვითარებისთვის (3); დანარჩენები კი „საინიციატივო ჯგუფების“ მიერ წარდგენილი „დამოუკიდებელი კანდიდატებია“.
იმავე წყაროს ცნობით, საპარლამენტო არჩევნებში რვა ქალი და 28 მოქმედი დეპუტატი იყრიდა კენჭს. კანდიდატებს შორის 128 ეთნიკური აფხაზი, 8 ეთნიკური სომეხი და ერთი ეთნიკური რუსია.
საპარლამენტო არჩევნებს, დაახლოებით სამი თვით ადრე, წინ უსწრებდა საპროტესტო აქციები სოხუმში აფხაზეთის ლიდერის რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით.
სეპარატისტული აფხაზეთის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს თბილისი და საერთაშორისო თანამეგრობობა, გარდა რუსეთისა და რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.
Exit mobile version