საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემების დახურვა ივნისამდე შეაჩერა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 2017 წლის 17 ივლისიდან საინფორმაციო გადაცემის გარდა ყველა სატელევიზიო და რადიო გადაცემას დახურავს.

სამეურვეო საბჭომ და მაუწყებლის მენეჯმენტმა ახლად არჩეული გენერალური დირექტორის ვასილ მაღლაფერიძის მიერ შემოთავაზებულ სამოქმედო გეგმაზე ერთვიანი დებატების შემდეგ 7 მარტს შეთანხმებას მიაღწიეს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ორ სატელევიზიო არხს და ორ რადიოსადგურს აერთიანებს, ასერთი გადაცემიდან ასს დახურავს და მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება "მოამბე" გავა ეთერში.

მაუწყებლის ახალი სამოქმედო გეგმის თანახმად, სექტემბრიდან „საზოგადობრივი მაუწყებლის ეთერში განთავსდება გადაცემების ოპტიმალური რაოდენობა, ფინანსური და ტექნიკური რესურსიდან გამომდინარე“.

„გადაცემების ოპტიმალური რაოდენობა, გრძელვადიან პერსპექტივაში, მოგვცემს ფინანსური რესურსის დაზოგვის საშუალებას და ადამიანური, ტექნიკური, ასევე ფინანსური შესაძლებლობების კონცენტრირებას“, – ნათქვამია სამოქმედო გეგმაში.
 
საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი პროგრამებისთვის განაცხადების მიღებას  31 მარტს დაიწყებს და შერჩევის პროცესი 17 ივლისს დასრულდება. 
 
„საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა სეგმენტში უნდა ხელმძღვანელობდეს კონკურენციის პრინციპით, ისწრაფვოდეს ლიდერობისკენ ხარისხისა და პროფესიული სტანდარტების მხრივ, უნდა გახდეს წამყვანი ფლატფორმა, სადაც საზოგადოება მსჯელობს თავის პრობლემებზე და იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას“, – ნათქვამია სამოქმედო გეგმაში.

ვასილ მაღლაფერიძის მიერ შემოთავაზებული 2017-2019 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც მან 6 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა, მიზნად ისახავდა „საზოგადოებრივ მაუწყებლის კრიზისიდან გამოყვანას და მდგრადი განვითარების საფუძვლის შექმნას“. 

ამ მიზნით გეგმა ითვალისწინებდა "მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერებას (საინფორმაციო გამოშვებების გარდა) 2018 წლამდე;  თანამშრომლების რაოდენობის ოპტიმიზაციას; გამოთავისუფლებული თანხების მიმართვას მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის გასაახლებლად; მაუწყებლის ყველა სეგმენტში კონკურენციის პრინციპზე გადასვლას".

მაღლაფერიძის გეგმას ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სამეურვეო საბჭოს მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

მაღლაფერიძის მეორე შემოთავაზებას, რომელიც მან 17 თებერვალს წარმოადგინა და რომელიც გადაცემებს სამ კატეგორიად ჰყოფდა, ასევე კრიტიკა მჰოყვა. ამ შემოთავაზების თანახმად, მაღალი და საშუალო კატეგორიების გადაცემები ეთერში დარჩებოდა, ხოლო „წითელ სიაში“ შესული გადაცემები დაიხურებოდა.

სამეურვეო საბჭომ ვასილ მაღლაფერიძე, ყოფილი დეპუტატი და 2005-2008 წლებში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნატორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ გენერალურ დირექტორად 6 იანვარს აირჩია.  2014 წლიდან 2016 წლის სექტემბრამდე მაღლაფერიძე ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ ტელეკომპანია GDS-ში მთავარი პოლიტიკური თოქ-შოუს გენერალურ პროდიუსერად მუშაობდა.

 

Exit mobile version