თბილისი მთიანი ყარაბაღის რეფერენდუმს არ აღიარებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 20 თებერვალს განაცხადა, რომ ის არ აღიარებს სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში ჩატარებულ „ე.წ. რეფერენდუმს“.

„საქართველო არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობას, შესაბამისად არ აღიარებს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს და/ან მის შედეგებს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ „უნდა გაგრძელდეს დიალოგი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დაცვით“.

მთიანმა ყარაბაღმა, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიას წარმოადგენს, რეგიონის ახალი კონსტიტუციის მისაღებად 20 თებერვალს რეფერენდუმი გამართა, რომელიც აზერბაიჯანმა დაგმო როგორც უკანონო.

Exit mobile version