სახალხო დამცველი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 9 თებერვალს სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის რამდენიმე „პრობლემურ საკითხს“ გაუსვა ხაზი და საქართველოს ხელისუფლებას მისი გადახედვისკენ მოუწოდა.

საქართველოს ხელისუფლებამ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო; კანონი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებს აწესებს თბილისის იურისდიქციის აღდგენამდე.

ანგარიში სწორედ ამ შეზღუდვებზეა ფოკუსირებული და მათთან მიმართებაში რეკომენდაციებს სთავაზობს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა

სახალხო დამცველმა განაცხადა თავის ანგარიშში, რომ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის დეკრიმინალიზაციაა საჭირო.

კანონის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან. ყველა სხვა მიმართულებიდან ამ ტერიტორიაზე შესვლა საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

თუმცა, კანონში ასევე ჩამოთვლილია ის ”განსაკუთრებული შემთხვევები”, რომლის დროსაც სეპარატისტულ რეგიონებში შესვლა არ ჩაითვლება უკანონოდ. კანონის თანახამდ, ”სპეციალური ნებართვა” შესაძლოა გაიცეს” იმ შემთვევაში, თუ ”ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის ან ჰუმანიტარულ მიზნებს”.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევის ბრალდებით 2009-2016 წლებში სასამართლომ სულ 395 პირის წინააღმდეგ განიხილა საქმე. ჯამში 51 პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, ხოლო უმეტესობას – ჯარიმა. ნანუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის ინფორმაციით, დაკავებულთა დიდ ნაწილს წარმოადგენდნენ უცხოელი მეზღვაურები.

ნანუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საზღვრის დარღვევის მიზეზი ხშირად შემოსვლის პროცედურების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიმართვის ფორმა და საჭირო დოკუმენტების სია არც საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ვებგვერდზეა განთავსებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ 2015 წლის 1 აგვისტოდან დღემდე 2 შემოსვლის ნებართვა აქვთ გაცემული, ჯამში 10 ადამიანზე.

2013 წელს საქართველოს მთავრობა სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შესვლის წესის დარღვევისთვის დაწესებული სანქციის ნაწილობრივი დეკრიმინალიზაციის ინიციატივით გამოვიდა, რასაც ვენეციის კომისია მიესალმა. თუმცა, მას შემდეგ კანონპროექტი თაროზეა შემოდებული.

2016 წლის შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა განაახლა. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, ამ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევა პირველ ჯერზე 400-ლარიანი ჯარიმით, ადმინისტრაციული წესით დაისჯება, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება იქნება სისხლის სამართლის დანაშაული.

სახალხო დამცველმა განაცხადა თავის ანგარიშში, რომ მას მიაჩნია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით უნდა ისჯებოდეს. ის მხარს უჭერს მთავრობის კანონპროექტს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის შემდეგ სპეციალური ნებართვების გაცემას ითვალისწინებს, და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლებისთვის შეზღუდვების გამარტივების ინიციატივით გამოდის.

ნანუაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ საჭიროა ფორსმაჟორის მუხლის შეტანა კანონში, რათა პირები, რომლებიც გაუთვალისწინებელი ვითარების გამო არღვევენ ქვეყნის საზღვარს, ათავისუფლდნენ პასუხისმგებლობისგან.

ეკონომიკური საქმიანობა

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ხელისუფლების წინასწარი ნებართვის გარეშე საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევას წარმოადგენს.

ნანუაშვილი ხაზს უსვამს, რომ მართალია კანონი ნებას რთავს უცხოურ ორგანიზაციებს და ინდივიდუალურ პირებს, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ეკონომიკური საქმიანობა განახორციელონ, იმ საქმიანობების რაოდენობა, რომლებზეც საქართველოს მთავრობამ თანხმობა გასცა, საკმაოდ მცირეა.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2014- 2016 წლების განმავლობაში შეათანხმა 7 ეკონომიკური საქმიანობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ხოლო 2008-2013 წლებში საქართველოს მთავრობის განკარგულებით 21 სპეციალური თანხმობა გაიცა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის განკარგულებებით ნებადართული საქმიანობების დიდი ნაწილი ენგურჰესის გამართული მუშაობის უზრუნველყოფას ემსახურებოდა, რაც ასევე მიუთითებს, რომ ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული საქმიანობები კონფლიქტებით ისედაც დაზარალებულ რეგიონებში მინიმალურია, ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა ვერ იღებს სარგებელის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან, რომელსაც საქართველომ 2014 წლის ივნისში მოაწერა ხელი, და რომელშიც პირდაპირაა მითითებული მხარეთა ვალდებულება, მჭიდრო პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად მიღებული სარგებელი გაავრცელონ საქართველოს ყველა მოქალაქეზე, კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებული საზოგადოების ჩათვლით.

„ამ ვალდებულებების შესრულება შეუძლებელი იქნება, თუ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დახურული დარჩა ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისათვის და არ მოხდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილების ლიბერალიზაცია, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვების შერბილება და ეკონომიკური თუ სოციალური ურთიერთდამოკიდებულების გაძლიერება“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამისათვის, სახალხო დამცველი იძლევა რეკომენდაციას, რომ „მთავრობამ შეიმუშავოს მოქნილი და წამახალისებელი სამართლებრივი და ლოჯისტიკური მექანიზმი, მათ შორის განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი და გამოყოს ფინანსური რესურსი, რომელიც საშუალებას მისცემს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ადგილობრივ ინდივიდუალურ მეწარმეებს, მიკრო და მცირე ბიზნესებს, განავითარონ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მოქმედ ბიზნესებთან და მეწარმეებთან, ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით“.

იგი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ შემსუბუქდეს შეზღუდვები ამ რეგიონებში მოქმედი სამედიცინო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის.

დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ გაცემული დოკუმენტები

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მუხლი, რომლითაც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაცემული დოკუმენტები უკანონოდ ითვლება, უნდა გადაიხედოს.

„გასათვალისწინებელია, რომ ახალ თაობას, რომელიც 1990-იანი წლების შემდგომ დაიბადა, არ გააჩნია სხვა დოკუმენტები გარდა არალეგიტიმური ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებისა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გარკვეული მომსახურებების მისაღებად, მათ შორის საქართველოს მოქალაქეობის დასადგენად, საჭიროა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა. იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენა არც თუ იშვიათად სირთულეებს ქმნის და დროში იწელება, რადგან რიგ შემთხვევაში საჭიროებს სასამართლოსათვის მიმართვას და მოწმეების წარდგენას“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამიტომ, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშავოს ეფექტური მექანიზმი, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა პირებმა შედარებით მარტივად შეძლონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობისა და იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტების მიღება“.

ნანუაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა იმსჯელოს არალეგიტიმური ორგანოების მიერ გაცემული იმ დოკუმენტების ცნობად მიღებაზე, რაც დაეხმარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version