თბილისი სოხუმისა და ცხინვალისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებს განმარტავს

სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლები მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებენ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით, თუ ისინი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებენ, განუცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა  Civil.ge-ს.

მინისტრის თქმით, ხელისუფლების ძალისხმვება იქით იქნება მიმართული, რომ ორი სეპარატისტული რეგიონის მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა მოქალაქეობის მიღებაზე, მათ შორის ორივე რეგიონთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლების სიახლოვეს შესაბამისი საჯარო სამსახურების ოფისების გახსნისა და პროცედურების გამარტივების გზით. ციხელაშვილის თქმით, სამართლებრივი პროცედურების ხელშეწყობა უნდა განხორციელდეს იმ პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, რომლებიც საქართველომ ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით აიღო.

ოპოზიციური პარტიების წევრებმა განაცხადეს ცოტა ხნის წინ, რომ მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს, რათა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებმა სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლისგან. ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე, რომ ამ მიზნით შესაძლოა გამოყენებულ იქნას სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები.

სტატუს ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტები წინა ხელისუფლების პირობებში შეიქმნა, რომელიც ორი სეპარატისტული რეგიონის მაცხოვრებლების პირადობის მოწმობებთან და საზღვარგარეთ მგზავრობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას, ასევე დანარჩენ საქართველოსთან უფრო ახლო კავშირების დამყარებას  ისახავდა მიზნად.

ციხელაშვილის განმარტებით, სტატუს ნეიტრალური დოკუმენტები არასდროს ყოფილა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების საგანი. თუმცა, ამ დოკუმენტების მფლობელებს შეუძლიათ ვიზები იმ 12 ქვეყნისგან მიიღონ, რომლებიც სტატუს ნეიტრალურ დოკუმენტებს აღიარებენ.

რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხებს, ამ საკითხში გათვითცნობიერებულმა პირებმა განუცხადეს Civil.ge-ს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მხოლოდ იმ მაცხოვრებლებს შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეობის მიღება, რომელთაც ამ რეგიონებში გაცემული საბჭოთა პასპორტები აქვთ, ან ვინც დაადასტურებს 1993 წლამდე იქ ცხოვრებას. ამ თარიღის შემდეგ დაბადებულ პირებს, ან მათ, ვისაც ცხოვრების ცენზის დამდასტურებელი საბუთი არ გააჩნიათ, გაუძნელდებათ ამის გაკეთება. 

უმეტეს შემთხვევაში, პირადი მონაცემები საბჭოთა დროინელი თბილისის ცენტრალურ არქივში ინახებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ ავტომატურად მიანიჭა მოქალაქეობა თავის ყველა მაშინდელ მაცხოვრებელს, გარდა იმ პირებისა, ვინც ამაზე უარი განაცხადა.  

Exit mobile version