ახალი ამბები

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას

ევროპარლამენტმა 2 თებერვალს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირა, რის შედეგადაც ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ, თუმცა მათი იქ ყოფნა 180 დღიან პერიოდში ჯამში 90 დღეს არ უნდა აჭარბებდეს.

საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა მხარი, 66 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 28 პარლამენტარმა თავი შეიკავა.

ახლა რეგულაცია ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებას საჭიროებს, რის შემდეგაც მისი ტექსტი ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და მხოლოდ მას შემდეგ შევა ძალაში, რაც ამოქმედდება უვიზო მიმოსვლის შეჩერების გამარტივებული მექანიზმი, რომელიც ევროპარლამენტმა 15 დეკემბერს დაამტკიცა.

ევროპარლამენტის პრეს-რელიზის თანახმად, პარლამენტის მომხსენებელი  მარია გაბრიელი მიესალმა საქართველოს მიერ „ფართო და კომპლექსური რეფორმების“ განხორციელებას და მადლობა გადაუხადა ქვეყნის ხელისუფლებას და მოქალაქეებს მათი თანმიმდევრულობისა და მოთმინებისთვის. „მან ასევე მიულოცა მათ დემოკრატიისადმი ერთგულების სიძლიერე და აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლა ქვეყანას ევროკავშირს დაუახლოვებს“, – ნათქვამია პრეს-რელიზში.

„დღევანდელ დღეს საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კენჭისყრამდე.

„დღეს, მართლაც, დიდი წარმატების დღეა საქართველოსთვის! დღევანდელი გადაწყვეტილება იქნება დასტური იმისა, რომ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სტრატეგიას მოაქვს კონკრეტული შედეგები საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც დიდი პასუხისმგებლობით მიიღებენ ამ უდიდეს შედეგსა და ნაყოფს საქართველოს ინტეგრაციისა ევროკავშირში და ზედმიწევნით დაიცავენ იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც გადაწყვეტენ გამგზავრებას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დაწერა თავის Twitter-ზე, რომ „უვიზო მიმოსვლა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, რაც საშუალებას მისცემს მათ, რომ ვიზალიბერალიზაციისა და ევროკავშირთან ახლო ურთიერთობებისგან სარგებელი მიიღონ“.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ უვიზო მიმოსვლა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი. „მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ოსი და აფხაზი თანამოქალაქეებიც ამ შედეგების მომსწრენი და ამ შედეგების მომხმარებლები იქნებიან“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესში. მე მინდა მადლობა ვუთხრა ევროპარლამენტარებს ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის… მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მთავრობას აღმასრულებელს და საკანონმდებლოს, როგორც მოქმედს, ასევე წინა ხელისუფლებებს იმ მუშაობისთვის, რაც მათ გასწიეს ამ მნიშვნელოვანი მიღწევისათვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

საქართველომ და ევროკავშირმა ვიზების ლიბერალიზაციაზე მოლაპარაკებები 2012 წლის ივნისში დაიწყეს;  ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს ევროკომისიამ 2013 წლის თებერვლის ბოლოს წარუდგინა. კომისიამ პირობა დადო, რომ ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლას მაშინვე შესთავაზებდა, როგორც კი საქართველოს ხელისუფლება სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. 

ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დაწყების დღიდან, კომისია ევროპარლამენტს და საბჭოს რეგულარულად აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს მიერ  სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. 

თავის მეოთხე და საბოლოო ანგარიშში, რომელიც 18 დეკემბერს გამოქვეყნდა, ევროკომისიამ   განაცხადა, რომ საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა ამოცანა შეასრულა და ის „2016 წლის დასაწყისში“ შესთავაზებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი შემოიღონ.

უვიზო რეჟიმი გავრცელდება შენგენის ზონაზე, რომელშიც ევროკავშირის 22 წევრი სახელმწიფო შედის (გაერთიანებული სამეფოს, ირლანდიის, კვიპროსის, ხორვატიის, რუმინეთის და ბულგარეთის გარდა), ასევე ისლანდიაზე, ლიხტენშტეინზე, ნორვეგიასა და შვეიცარიაზე. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button