საქართველოს ელჩი აშშ-ში თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე მაიკლ კარპენტერს, რუსეთის, უკრაინის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს 9 იანვარს შეხვდა.

„მხარეებმა ისაუბრეს ნატო-ს ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, მათ შორის განიხილეს მიმდინარე წლის თებერვალში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის გამართვის შესაძლებლობა“, – იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში 2016 გაფორმებული მემორანდუმის „მნიშვნელობას“.

კარპენეტერი თბილისს დეკემბრის დასაწყისში სტუმრობდა და ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის უწყებასთან ხელი მოაწერა 2016-2019 წლებში უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც ივლისში გაფორმებული მემორანდუმის მხარდამჭერი დოკუმენტია.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, დავით ბაქრაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და ასევე მიაწოდა ინფორმაცია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესზე. 

„მაიკლ კარპენტერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია შეხვედრის შესახებ საქართველოს საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Exit mobile version