კვირიკაშვილი: ‘შედგა პირველი კონტაქტები აშშ–ის ახალ ადმინისტრაციასთან’

პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  განაცხადა, რომ საქართველომ უკვე დაამყარა პირველი კონტაქტები" "მთავარი სტრატეგიული პარტნიორის", აშშ–ის ახალ ადმინისტრაციასთან. 

„მომავალში, ჩვენ ველით თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესაბამისად,“ – განაცხადა კვირიკაშვილმა 29 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე წლის მოვლენების შეჯამებისას, "აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს ხელი მოეწერა მემორანდუმს "ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის" შესახებ და, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ძალისხმევას ამ მემორანდუმის განხორციელების მიმართულებით".

ერთი დღით ადრე, მედიასთან შეხვედრის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალ მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინთან.

„ჩვენ საუბრის დროს შევეხეთ ჩვენ სტრატეგიულ თანამშრომლობას, ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების აუცილებლობას… გამოიხატა სრული მზადყოფნა ახალი, მომავალი ადმინისტრაციის და არჩეული პრეზიდენტის საქართველოსთან თანამშრომლობის კუთხით“,  – განაცხადა მან. 

„მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ექნება ისეთივე აქტიური ურთიერთობა ახალ ადმინისტრაციასთან, როგორც აქამდე ჩვენ გვქონია წინა ადმინისტრაციებთან და ჩვენ ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ“, – დასძინა ჯანელიძემ.

იმავე საკითხზე ჯანელიძემ  29 დეკემბერს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მაიკლ ფლინთან საუბრისას "კიდევ ერთხელ დადასტურდა მზაობა გაგრძელდეს ეს სტრატეგიული თანამშრომლობა".
 
"ჩვენ, აუცილებლად, პირველივე შესაძლებლობის ფარგლებში გვექნება შეხვედრა“, – აღნიშნა ჯანელიძემ.  

 

 

Exit mobile version