უსუფაშვილმა პოლიტიკური პარტია შესაძლოა თებერვალში დააფუძნოს

ყოფილმა რესპუბლიკელმა დეპუტატმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, რომ ყოფილმა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც რესპუბლიკელთა რიგები პოსტსაარჩევნოდ დატოვა, ახალი პოლიტიკური პარტია შესაძლოა 2017 წლის თებერვალში დააფუძნოს.

„სავარაუდოდ, თებერვალში ამის თაობაზე გაკეთდება განცხადება… აქ იქნებიან ისინიც, ვინც დატოვეს რესპუბლიკური პარტია, შესაძლოა მათი ნაწილი … და იქნებიან სხვა ადამიანებიც“, – განმარტა ხმალაძემ დავით უსუფაშვილის და რესპუბლიკური პარტიის სხვა ყოფილი წევრების გეგმებზე 27 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას.

ხმალაძემ, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ექსპერტის სტატუსით არის წარმოდგენილი, აღნიშნა, რომ ის ახალ პარტიაში მანამ არ გაწევრიანდება, სანამ იმუშავებს კომისიაში, რომელსაც 30 აპრილამდე აქვს განსაზღვრული ვადა საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადებისთვის. ამ კომისიის წევრობისგან დავით უსუფაშვილმა თავი შეიკავა.

რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც 2016 ზაფხულამდე ქართული ოცნების კოალიციის წევრი იყო, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა, თუმცა ხმების მხოლოდ 1.55%–ის მიღების გამო პარლამენტს მიღმა დარჩა.

დავით უსუფაშვილმა რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებიდან ცოტა ხანში დატოვა და ამის მიზეზად პარტიის სხვა წევრებთან „პოლიტიკურ, ღირებულებით, ტაქტიკურ ხედვებზე“ უთანხმოება დაასახელა. მან „აქტიური ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა“ დააანონსა. მოგვიანებით, პარტია კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა, მათ შორის იყო ვახტანგ ხმალაძეც.

Exit mobile version