ევროკავშირის საბჭომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმება დაამტკიცა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER), ევროკავშირის საბჭოს სახელით, 20 დეკემბერს მხარი დაუჭირა საკანონმდებლო წინადადების შეთანხმებულ ტექსტს შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე.

13 დეკემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები მოკლევადიან უვიზო რეჟიმს ვიზალიბარალიზაციის ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასთან ერთად მიიღებენ, რომელიც უკვე დაამტკიცა ევროპარლამენტმა და ასევე საჭიროებს ფორმალურ დამტკიცებას ევროკავშირის საბჭოს მიერ.

„საბჭომ ძლიერი ერთგულება გამოიჩინა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების მიმართ, გაითვალისწინა რა საქართველოს მიერ გაწეული რთული სამუშაო“, – განაცხადა რობერტ კალინაკმა, სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და საბჭოს პრეზიდენტმა 20 დეკემბერს COREPER-ის სხდომის შემდეგ.

„თავმჯდომარეობას მიაჩნია, რომ რეალური რეფორმების გზა სწორია და მისი წახალისებაა საჭირო. სწორედ შეჩერების მექანიზმის ბოლო განახლებამ მოგვცა საშუალება, რომ ახალი ბიძგი მიგვეცა ვიზალიბერალიზაციის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის იმ ქვეყნებთან, რომლებიც ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ“, – აღნიშნა მან.

ევროკავშირის პრესრელიზის თანახმად, დამტკიცებული რეგულაცია ახლა უკვე ევროპარლამენტს წარედგინება. მას შემდეგ, რაც მას ევროპარლამენტის  სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტი (LIBE) უყრის კენჭს, საკითხს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიტანენ. LIBE-ს კომიტეტის, ისევე როგორც ევროპარლამენტის პლენარული სხდომები იანვარში განახლდება.

ოფიციალური თბილისი მიესალმა სამშაბათს ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, როგორც "კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს" და იმედი გამოთქვა, რომ "დარჩენილი საკანონმდებლო პროცედურები უახლოეს პერიოდში დასრულდება".   

"მივესალმებით, რომ ევროკავშირის ინსტიტუტებში საქართველოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი დარჩენილი პროცედურები შეუფერხებლად მიმდინარეობს", – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა, ევროპარლამენტმა მარია გაბრიელმა თავის twitter-ზე გამოაქვეყნა საბჭოსგან მიღებული წერილი, სადაც ნათქვამია, რომ საბჭო ძალისხმევას არ დაიშურებს იმისთვის, რომ ე.წ. განახლებული შეჩერების მექანიზმი რაც შეიძლება მოკლე დროში შევიდეს ძალაში.  წერილში ასევე ნათქვამია, რომ ამ საკითხის გადაუდებლად გადაწყვეტა იმ კავშირითაც არის განპირობებული, რაც მას საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის პროცესთან აქვს. ამავე წერილის თანახმად, თუ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია შეჩერების მექანიზმთან ერთად ამოქმედდება, უკრაინის შემთხვევაში, მხოლოდ შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შემდეგ გახდება შესაძლებელი სამმხრივი მოლაპარაკებების დაწყება საბოლოო შეთანხმების მისაღწევად – ეს ეტაპი საქართველომ 13 დეკემბერს წარმატებით დაასრულა.

 

Exit mobile version