ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ჯამში 450 მლნ ევროს სესხს გამოუყოფს

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სამი სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ჯამში 450 მლნ ევროს გამოუყოფს, იტყობინება ევროპის საინვესტიციო ბანკი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.

ამავე ცნობით, ევროპის საინვესტიციო ბანკი 250 მილიონ ევროს ახალი გზების მშენებლობისა და არსებულს განახლებისთვის გამოყოფს; 100 მილიონ ევროს – მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განახლებისთვის; ხოლო 100 მილიონ ევროს – სოფლის მეურნეობის საკვები პროდუქტების სფეროში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებისთვის პროდუქციის წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვის შექმნის მიზნით.

სამივე სასესხო ხელშეკრულებას საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა იან ვაპავუორიმ 9 დეკემბერს მოაწერეს ხელი მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა მთავრობის ადმინისტრაციაში.

მოგვინებით, მთავრობის სხდომაზე საუბრისას კვირიკაშვილი მიესალმა ხელშეკრულებების გაფორმებას, როგორც „ევროკავშირთან ჩვენი პარტნიორობის ძალიან მაღალი დონის“ დადასტურებას. ევროპის საინვესტიციო ბანკის ცნობით, მან საქართველოს სესხი ევროკავშირის შესაბამისი გარანტიით გამოუყო.

„ევროკომისიიდან ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დავეხმარებით მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურის განახლებას, ასევე გზების ქსელისა და ხარისხის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვანია უკეთესი ურთიერთკავშირისა და სავაჭრო შესაძლებლობებისთვის საქართველოში“, – განაცხადა იან ვაპავუორიმ და ასევე ხაზი გაუსვა, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე კომპანიებს უკეთესი წვდომა ექნებათ ფინანსებზე თანამედროვე ტექნოლოგიების დასანეგრად.  

Exit mobile version